ევროკავშირი და FAO სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსს იწყებენ

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსს აცხადებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ფაოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას.

კონკურსი ორ საგრანტო კატეგორიას მოიცავს. პირველ კატეგორიაში სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები დაუფინანსდებათ ფერმერებს, კოოპერატივებს და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ხულო, ქედა. ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ევროპული LEADER მიდგომით, უკვე ხორციელდება სოფლის განვითარების პროექტები. დაფინანსდება კაპიტალური ინვესტიციები, როგორიც არის მანქანა-დანადგარები და ტექნიკური აღჭურვილობა სოფლის მეურნეობის ნებისმიერ სექტორში.

მეორე საგრანტო კატეგორიაში კი გრანტები გაიცემა იმ ფერმერების, კოოპერატივების და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან: ახალციხის, დუშეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. ამ კატეგორიაში დაფინანსებას ექვემდებარება კაპიტალური ინვესტიციები შემდეგ სექტორებში: მესაქონლეობა-მეძროხეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მერძევეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მეკარტოფილეობა (წალკა, ნინოწმინდა და ასპინძა), მებოსტნეობა (ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი) და ხორბალი (სიღნაღი).

საგრანტო კონკურსის მიხედვით, არ დაფინანსდება საოპერაციო და საბრუნავი ხარჯები: დასაქმებულთა ხელფასები, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის და სათესლე მასალების ხარჯი. ორივე კატეგორიის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი თანხის ოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და მაქსიმუმ 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს 40%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 60 %-ის თანადაფინანსება.

პროგრამით ასევე გათვალისწინებულია მხარდაჭერა ისეთი სპეციფიკური ინვესტიციების, რომლებსაც ექნებათ მნიშვნელოვნად დადებითი ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობასა და გარემოს დაცვაზე. ამ კონკრეტული ტიპის პროექტების დაფინანსება შესაძლოა გაიზარდოს 60%-მდე.

საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში გაიმართება შემდეგი განრიგით:

ბორჯომი - 15 ოქტომბერი, მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზი 15:00 საათი.

თეთრიწყარო - 18 ოქტომბერი, მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზი 12:00

ქედა-22 ოქტომბერი, გამგეობის სააქტო დარბაზი - 14:00.

ხულო -23 ოქტომბერი, გამგეობის სააქტო დარბაზი -14:00.

ახალქალაქი-29 ოქტომბერი, მერიის შენობის სააქტო დარბაზი-14:00.

დედოფლისწყარო- 31 ოქტომბერი, TBD TBD

ლაგოდეხი-4 ნოემბერი - ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციის შენობის სააქტო დარბაზი - 14:00.

განაცხადების მიღება მოხდება შეზღუდული პერიოდის განმავლობაში, რომლებსაც “საგრანტო ციკლები” ეწოდება. თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ხელშეწყობილი ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერს: WWW.FAOGRANTS.GE ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ვებგვერდზე მითითებულ რეგიონულ კოორდინატორებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა