ვეტერანებისათვის ფილმ „შინდისის" ჩვენება გაიმართა

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და „ახალგაზრდული მედია-კავშირის" (თავმჯდომარე, ხატია გავაშელი) მხარდაჭერით, კინოთეატრ „ამირანში" ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის, მხატვრული ფილმის, „შინდისის" დახურული ჩვენება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ შინდისის ბრძოლის გადარჩენილი გმირები: გიგა მურვანიძე, ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია, თენგიზ ცანავა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენლები, ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები.

„ვერ აღვწერ ისეთი ემოციური იყო, პირველ რიგში, იდეის ავტორს მინდა მადლობა გადავუხადო და ყველას, ვინც ფილმზე მუშაობდა და მონაწილეობა მიიღო. მძიმე სანახავი იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს გამოვლილი მაქვს",- განაცხადა ტრისტან ჩიტიძემ.

„მეორედ ვნახე ფილმი, ორივეჯერ ძალიან ემოციური იყო ჩემთვის და ძალიან მძიმე, რადგან ძალიან ახლოს არის რეალობასთან. მინდა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ფილმის გადაღებაში მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა გიგა მურვანიძემ.

„შინდისის გმირები არიან ერთ-ერთი მაგალითი ქართული გმირობის, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხდებოდა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ სამშობლო და ოჯახები დაეცვათ. ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე",- განაცხადა ჯანდრი უბირიამ.

„დიდება გმირებს! ეს ქვეყანა, ეს სახელმწიფო არის თითოეული ჩვენგანის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელს შემოქმედებით ჯგუფს, ყველა იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობა მიიღო ფილმში. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპული გმირების ოჯახებს და მთლიანად ქვეყანას,"- განაცხადა კობა კობალაძემ.

მხატვრული ფილმი „შინდისი“ 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას ასახავს და მასზე მუშაობა 2 წელი გრძელდებოდა.

სრულმეტრაჟიანი ფილმის იდეისა და პროექტის ავტორი ედმონდ მინაშვილია, პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, ვლადიმერ კაჭარავა, მინდია ესაძე, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონაშვილი. მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დავით ბახტაძე, თამარ აფშილავა და მარიამ ჯიბლაძე ასრულებენ. ფილმზე გერმანიიდან სპეციალური მოწვევით რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა.

ფილმი „შინდისი’’ 2020 წელს, ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე, „ოსკარზეა“ წარდგენილი და საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს