20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, მორის მაჩალიკაშვილის, ილია მემარნიშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძისა და გიორგი ქურდოვანიძის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, მორის მაჩალიკაშვილის, ილია მემარნიშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძისა და გიორგი ქურდოვანიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე შესავალი სიტყვა დაცვის მხარემ წარმოთქვა. შეგახსენებთ, 4 პირიდან ერთ-ერთი, ბეჟან ლორთქიფანიძე გირაოთია გათავისუფლებული.

ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატს, ბექა ბასილაიას ჰქონდა შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დააკმაყოფილა.

ასევე, დაკავებული 3 პირის ადვოკატებმა შუამდგომლობები დააყენეს აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის, პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების შესახებ, თუმცა მოსამართლე ამ შუამდგომლობებს არ დაეთანხმა და არ დააკმაყოფილა.

პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სასამართლოსგან სხვა მოლოდინი არ ჰქონდა.

„სხვა მოლოდინი რა უნდა იყოს მოცემული სასამართლოს პირობებში? რა დავალებაც აქვს ჯალათ გახარიას გაცემული, რომ გავრილოვ-გახარიას სისხლიან ღამეს თითქოსდა პარლამენტზე შტურმის ღამე დაერქვას, ამაში მაქსიმალურად სინქრონულად ეხმარება პროკურატურა და ეხმარება სასამართლოს სისტემა. სასამართლომ ყოველგვარი ობიექტური დასაბუთების გარეშე დღეს პატიმრობაში დატოვა სამი პირი, რომელთა თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში სასამართლო პროცესებზე მათი გამოცხადება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა", - განაცხადა ბასილაიამ.

თავის მხრივ, პროკურორის, გიორგი მუკბანიანის თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლები, რაც სასამართლომ გაიზიარა პირველ წარდგენის სხდომაზე და შემდეგ უკვე სხვა სხდომებზე, ბრალდებულთა მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, დღეის მდგომარეობითაც სახეზეა.

„დღეს დააყენა დაცვის მხარემ შუამდგომლობა შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. თუმცა, სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საფუძვლები, რაც გაიზიარა პირველ წარდგენის სხდომაზე სასამართლომ და შემდეგ უკვე სხვა სხდომებზე ბრალდებულთა მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, დღეის მდგომარეობითაც სახეზეა და დატოვა აღკვეთი ღონისძიება უცვლელად ძალაში", - განაცხადა მუკბანიანმა.

შემდეგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო