მე არ მომისმენია კონსორციუმის მხრიდან, რომ ისინი არ აპირებენ არანაირი დოკუმენტის წარდგენას და არაფრის გაკეთებას. თუ ისინი ასეთ განცხადებას აკეთებენ, ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფომ ყველა ვალდებულება შეასრულა.
„სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. აქ არის საუბარი ინფრასტრუქტურაზე, რომლისთვისაც სახელმწიფომ რესურსი გამოჰყო. აქ არის საუბარი სუბორდინირებულ სესხზე, აქ არის საუბარი ვადების რამდენჯერმე გადაწევაზე. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველანაირი მხარდაჭერა გამოხატა ამ პროექტის მისამართით, დარჩენილია მეორე მხარე, რომ კერძო სექტორმა, კონსორციუმმა და ინვესტორებმა შეასრულონ თავისი ვალდებულებები.
მე არ მომისმენია კონსორციუმის მხრიდან, რომ ისინი არ აპირებენ არანაირი დოკუმენტის წარდგენას და არაფრის გაკეთებას. თუ ისინი ასეთ განცხადებას აკეთებენ, ძალიან სამწუხაროა. სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით დამოკიდებულება არის ის, რომ ამ პროექტის განხორციელებას სახელმწიფო მაქსიმალურად უჭერს მხარს და მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს. თუ კონსორციუმს რეალურად ჰქონდა თავისი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, ეს უნდა გაეკეთებინა. თუ ამას აპირებს მომავალში, ამაზეც შესაბამისი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს სახელმწიფოს, შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. მე მოველი, რომ ისეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომელიც: ერთი, მოემსახურება პროექტის გრძელვადიან ინტერესებს და მეორე, თუ კონსორციუმს აქვს შესაძლებლობა, რომ ვალდებულებები შეასრულოს, ამის შესაძლებლობა მიეცემა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.