გიგა ბოკერია - მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურზეა მორგებული

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურზეა მორგებული. კერძოდ, საუბარია იმ პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისიის წევრების მხრიდან თავმჯდომარის მეორე ვადით არჩევა იქნება შესაძლებელი.

„ძალიან გთხოვთ, პატიოსნად ყველას უთხარით, მართლა გგონიათ, რომ ამ კანონის ამ ადამიანზე მორგება არ ხდება? თუ ეს ასე არ არის, მაშინ დაგვეთანხმეთ, რომ ეს წესი ამუშავდეს ამ კონკრეტული თავმჯდომარის, ბატონი ბექაურის უფლებამოსილების ამოწურვის მერე. მასზე არ გავრცელდეს,“ - მიმართა პარლამენტის სხდომაზე გიგა ბოკერიამ კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორს და წარმომდგენ გურამ მაჭარაშვილს.

გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ვერსიაც, რასაც მათ ბოკერია სთავაზობს, მაინც კანონპროექტის მორგებად შეიძლება იყოს მიჩნეული.

„ეს არ იქნება მორგება. ძალიან გთხოვთ, ლოგიკაში ნუ გამეჯიბრებით. ახალი წესი შემოგაქვთ, მოდი, არ მოვარგოთ ეს არსებულ თავმჯდომარეს, რომ არ დაგბრალდეთ ასე უსამართლოდ, რომ მას არგებთ და ეს წესი ამუშავდეს მას შემდეგ, რაც ახალს აირჩევენ. ყველამ იცის, რომ არგებთ მაგ კაცს. თან თქვენივე შემოტანილი იყო როტაცია და ბატონ არჩილს მინდა გამოვეხმაურო, ეს ის შემთხვევაა, რომ თქვენ მიერ მიღებულ წესს ვეთანხმები და იმაზეც პასუხები რომ გაგვცეთ, რატომ გადაიფიქრეთ როტაცია. კარგი წესი იყო და საჯაროდ გეუბნებით, ეს წესი უნდა დარჩეს, რაც იყო.

თქვენ ბრძანებთ, რომ ეს ხალხი უნდა იყოს დამოუკიდებელიო, ანუ მთავრობას არ უნდა უყურებდნენ. ეს ცვლილება კი ადასტურებს, რომ თქვენ გინდათ შეინარჩუნოთ პოლიტიკური გავლენა,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გიგა ბოკერიას შეახსენა, რომ კანონპროექტში ცვლილების შეტანა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვა პარლამენტმა ვერ შეძლო.

„ანუ მანამდე ეს ცვლილებები არც ინიცირებული იყო და არც განხილული,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ხდება იმ რეგულაციის ამოღება, რომლის მიხედვით ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ ერთზე მეტი ვადით. გარდა ამისა, იცვლება კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება კომისიის სრული შემადგენლობის ოთხი მეხუთედით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო