მამუკა ხაზარაძე - ერთ-ერთი დიპლომატისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პროექტს განიხილავდა, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს მის წინააღმდეგ

მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ანაკლიის პროექტი. ალბათ, არსებობს კიდევ რაღაც ვალდებულებები, რომელსაც ხმამაღლა არ ამბობს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

კითხვაზე, თუ რა მოხდა კონკრეტულად მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის რის შემდეგადაც ურთიერთობები გაფუჭდა, მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ „ეს ბიძინა ივანიშვილს უნდა ვკითხოთ“.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მთავრობის წევრები რასაც ამბობენ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით „სახალხოდ და რასაც ამბობენ კარს მიღმა, რადიკალურად სხვადასხვა რამ არის“. მისი თქმით, რეალობა კი ისაა, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტის განხორციელება არ უნდა.

„ეს არის ტყუილების ქარხანა. „ბოტების“ და „ტროლების“ ქარხნები რომ აქვთ, დაახლოებით სიცრუის მანქანა - ამაში გვაცხოვრებენ. რეალობა ის იყო, რომ საბოლოო ჯამში, მათ ეს პროექტი არ უნდათ, თუ რის გამო, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. წელიწადნახევარია კონსორციუმს ებრძვიან, ვხედავთ, როგორ ებრძვიან და ეპყრობიან ინვესტორს და ამაზე მეტი დამადასტურებელი ფაქტი რა არის?! ტედ ჯონასის („ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი) კომენტარები ნახეთ, კიდევ კარგი, რომ ბოლო სამ თვეში ჩვენ არ ვიყავით ჩართული ამ შეხვედრაში. კითხვა მაქვს - ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რომელი უცხოური ინვესტიცია შემოიტანა?! ბიძინა ივანიშვილის გარდა, თუ კიდევ ვის არ უნდა ამ პროექტის განხორციელება, ივანიშვილს ჰკითხეთ. მე ვიცი, რომ მას არ უნდა . ალბათ, არსებობს კიდევ რაღაც ვალდებულებები, რომელსაც ხმამაღლა არ ამბობს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეოპოლიტიკური პროექტია და ამასთან დაკავშირებით პერიოდულად ვლინდებოდა ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის წევრების დამოკიდებულება.

„ამხელა მნიშვნელობის პროექტის მიმართ თვითონ მისი მინისტრები, მისი კიდევ რამდენიმე ადამიანი, პერიოდულად ჩვენს წინააღმდეგ თავდასხმებში იღებდნენ მონაწილეობას და პოლიტიკურ სარჩულს აძლევდნენ, რომ ყველას დაერტყა ანაკლიისთვის. რომელი ვალდებულებების არშესრულებაზეა ლაპარაკი, როდესაც ხუთი ინვესტორი მოვიყვანეთ და დღესაც მზად არიან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, გეოპოლიტიკის გარდა, ანაკლიის პროექტის მიმართ პიროვნული მიუღებლობაც არის. ამასთან, მისი თქმით, დიპლომატისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი, „ანაკლიის პროექტს განიხილავდა, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს მის წინააღმდეგ“. აღნიშნული დიპლომატის ვინაობას მამუკა ხაზარაძე არ ასახელებს.

რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმს, მამუკა ხაზარაძის თქმით, ის აღარ წარმოადგენს კონსორციუმს, თუმცა კონოსორციუმის წარმომადგენლებმა პოზიცია უკვე დააფიქსირეს.

„ამაზე მეტი რა უნდა თქვან?!. კონსორციუმი სახელმწიფოს მოქმედებას ელოდება, შესაბამისად იმოქმედებს თავის სტრატეგიის თანახმად“, - განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო