პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ, ერთი და იმავე პირის ერთზე მეტი ვადით არჩევას, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ, ერთი და იმავე პირის ერთზე მეტი ვადით არჩევას, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხის კენჭისყრაზე გატანამდე კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა ხათუნა გოგორიშვილმა და გიგა ბოკერიამ.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, კანონში ცვლილებების შეტანა არის ერთ ადამიანზე მორგებული.

„იმ შემთხვევაში თუ დაზუსტდება, რომ კანონში ცვლილება ამოქმედდეს 1 თებერვლიდან, ან ამოქმედების საკითხი ღიად დარჩება, საკითხს მიეცემა პოლიტიკური შეფასება. ეს ადამიანი [კახა ბექაური] ემსახურებოდა მმართველ გუნდს და გუნდი ამას უბრუნებს ამ ფორმით“, - განაცხადა ბოკერიამ.

მას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ კანონში ცვლილება ბექაურის პერსონაზე არაა მორგებული.

„დაიცადეთ სანამ რამე პოლიტიკურ შეფასებებს მისცემთ ამას. თითქოს, პერსონალურად ბექაურს ერგება რაიმე. არა! იმიტომ რომ ბექაურს ვადა ეწურება. მას წევრობის ვადაც ეწურება, ეს ცვლილებები მის პიროვნებაზე ვერ და არ არის მორგებული“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

კანონპროექტში ცვლილებებს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 14 კი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ხდება იმ რეგულაციის ამოღება, რომლის მიხედვით ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ ერთზე მეტი ვადით. გარდა ამისა, იცვლება კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება კომისიის სრული შემადგენლობის ოთხი მეხუთედით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა