თბილისში მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, თბილისში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. წელს, ღონისძიების მთავარ თემას გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენდა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმ ტრადიციულ ქართულ პროდუქტებზე, რომლებსაც ხარისხისა და ადგილწარმოშობის ეტიკეტი - გეოგრაფიული აღნიშვნა (GI – Geographical Indication) აქვს მინიჭებული.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოში FAO-ს წარმომადგენელმა რაიმუნდ იელემ გახსნეს.

„40 წლის წინ, გაეროს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ „მსოფლიო სურსათის დღის“ აღნიშვნის ინიციატივა დააყენა. მას შემდეგ ეს დღე რეგულარულად აღინიშნება. ჩვენც, FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად, ამ დღის აღნიშვნაში სხვადასხვა თემატიკით ვერთვებით. წელს აქცენტი გაკეთდა ჯანსაღ კვებაზე, რაც დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჯანსაღი კვება დაკავშირებულია უვნებელ და სასარგებლო სურსათთან და კვების ტრადიციულ წესებთან, რომლებიც ურბანიზაციის ფონზე, სამწუხაროდ, თითქმის დავიწყებას მიეცა. საქართველოს ტრადიციული პროდუქტების წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს. დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ ტრადიციებს, მისი შენარჩუნების აუცილებლობის და არსებული პოტენციალის გამოყენების საკითხებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე რაიმუნდ იელემ აღნიშნა, FAO მსოფლიოში საკვების ხელმისაწვდომობისა და ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით აქტიურად მუშაობს. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილობრივი, ტრადიციული პროდუქტების შენარჩუნება და მათი მწარმოებლების მხარდაჭერაა.

,,სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ხარისხიანი საკვების ხელმისაწვდომობას; ცოდნასა და ტრადიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამყაროში, სადაც საკვების წარმოება ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის კლიმატის ცვლილება და შეზღუდული ბუნებრივი რესურსები“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ.

ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, FAO-სა და ჟურნალის „National Geographic“ მხარდაჭერით, ქართული ტრადიციული პროდუქტების შესახებ ფოტოგამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის „უნიკალური ქართული გემო“ ჩვენება გაიმართა.

მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართა.

მსოფლიო სურსათის დღეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაარსების დღეც აღინიშნება. ორგანიზაცია 74 წლის წინ დაარსდა და მსოფლიოს 194 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა