დავით უსუფაშვილი - ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დროს ერთადერთი, რაც მოხდა, კვირიკაშვილის გაშვება და ხაზარაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა იყო

„მგონია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს უბრალოდ უნდათ, ანაკლიის პორტის პროექტი იმ სახით, რა სახითაც იყო გამიზნული, არ შედგეს, კონსორციუმს კი გაუჩნდა განცდა, რომ ამ მთავრობის პირობებში პროექტს განხორციელება არ უწერია“, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემაში „შუადღის რადიოსტუდიაში“ განაცხადა.

მან ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ამ საქმეში ჩართული მხარეები სხვადასხვა მიზეზით, პროექტის განხორციელების ნაცვლად მასზე დისკუსიაში პოზიციონირებაზე უფრო ფიქრობენ.

„მგონია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს უბრალოდ უნდათ, ეს პროექტი იმ სახით, რა სახითაც იყო გამიზნული, არ შედგეს. საერთოდ შედგეს თუ არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხაზარაძის და იმ ხალხის მონაწილეობით, როგორც მიდიოდა პროექტი, ხელისუფლებას მისი გაგრძელების სურვილი არაფერში ეტყობა. კონსორციუმს კი, მგონია, უკვე გაუჩნდა განცდა, რომ ამ მთავრობის პირობებში უბრალოდ, არ უწერია პროექტს განხორციელება და ამიტომ უკვე ის ენთუზიაზმი და შემართება, რაც ამ პროექტს სჭირდება, აღარ და ვეღარ იგრძნობა. თავიდანვე დაიწყო არასწორი მიდგომით, რომ კონსტიტუცია და ქვეყნის ძირითადი კანონი გამოყენებული იქნა სარეკლამო, ინვესტიციების მოზიდვის საშუალებად, ეს არაჯანმრთელი დამოკიდებულება თავიდანვე იყო. მერე უკვე მოხდა ამ საკითხით თავიდან დაინტერესებულ პირებს შორის განხეთქილება, რომელიც, როგორც ჩანს, არის ღრმა და მრავალმხრივი - პერსონალური, პოლიტიკური, ფინანსური. თუ წლის ბოლომდე გაგრძელდა ეს კბენები, მაშინ რა არის ეს ორთვენახევარი? თუ ასეა, ვურჩევდი ხელისუფლებას, ორთვენახევარი კი არა, ერთი წელი მისცეს ზუსტად კონსორციუმს, გაუგრძელოს ვადა, იქნებ მივბობღდეთ მომავალ არჩევნებამდე და იმ არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული მთავრობა, რომელიც იმედია, იქნება ამ კონიუნქტურისგან თავისუფალი, მართლა მოკიდებს ამ პროექტს ხელს ისე, როგორც სახელმწიფოს ეკადრება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მანვე ისაუბრა მის მიერ ნახსენები განხეთქილების პერსონალური ფაქტორის შესახებ და გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება.

„პერსონალური ფაქტორი აშკარად გაჩნდა და მომწიფდა ეჭვიანობის ნიადაგზე. როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, პოლიტიკაში ვბრუნდებიო, კარგად წარმომიდგენია, რაოდენ მძიმე გადაწყვეტილება იყო ეს მისთვის. მგონია, რომ მან დაინახა რაღაც წარმოუდგენელი კატასტროფის მოახლოება. მას ნათქვამი ჰქონდა, მეორედ მოსვლის შემთხვევაში დავბრუნდებიო. ანუ, მან რაღაც მეორედ მოსვლის საფრთხეს შეავლო თვალი და როგორც ჩანს, ეს იყო კავშირში მაშინდელ პრემიერთან და პრემიერთან დაკავშირებულ მოვლენებთან თუ ადამიანებთან. ამ შემთხვევაში, ხაზარაძე და ანაკლია რაღაცნაირად ერთმანეთს გადაება. მისი დაბრუნების დროს ერთადერთი, რაც მოხდა, კვირიკაშვილის გაშვება და ხაზარაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა იყო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, ანაკლიის პროექტის დაწყება, მისი შეჩერება თუ მისი განხორციელებისთვის პრობლემების შექმნა, ნორმალურ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილებები არ არის.

„მგონია, აქ საქმე გვაქვს წარუმატებლობის სინდრომთან, ანუ ადამიანს ჯერ გაუჩნდა განცდა, რომ დაიპყრო მწვერვალი, ან დაამარცხა გველეშაპი და არის დავითი. მერე მის მიერ დაანონსებული პრაქტიკულად ვერც ერთი ამოცანა ვერ შესრულდა. ეს წარუმატებლობის სინდრომი და ამით დაბნეულობა თუ თავგზააბნეულობა არაფრითაა ნაკლებად სახიფათო, ვიდრე წარმატებით თავბრუდახვეული ადამიანები რომ გვინახავს. ეს დაუძლეველი ამოცანა, რომ, „მე მოვედი, ვნახე, გავიმარჯვე, გვერდზე გავედი და ყველაფერი, როგორც მე მინდა, ისე წავა“, ასე არ გამოუვიდოდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო. გადაწყვეტილებების ლოგიკა ხშირად რთული დასაჭერია, რადგან ეს არ არის ნორმალურ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილებები - ან ანაკლიის დაწყება, ან მისი შეჩერება თუ ამ პრობლემების შექმნა. ეს არის უფრო მინი კრიზისების დროს მიღებული გადაწყვეტილებები. მე დამრჩა განცდა, რომ გუშინ საღამომდე არ იყო ჩამოყალიბებული პოზიცია იმის თაობაზე, ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა ეთქვათ კონსორციუმისთვის, რომ ნახვამდის, თუ კიდევ მიეცათ ვადა. ამ საკითხშიც იყო რაღაც განსჯა და ნერვიულობა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო