მამუკა ხაზარაძე  – „პროგრესბანკი“ არ შეგვიძენია, „თიბისი ბანკმა“ შეიძინა რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, დანარჩენი, თავის ბანკიანად, ეროვნულმა ბანკმა ძალიან ოპერატიულად გააქრო რადარებიდან

ბანკი არ შეგვიძენია, „თიბისი ბანკმა“ შეიძინა რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, დანარჩენი, თავის ბანკიანად, ეროვნულმა ბანკმა ძალიან ოპერატიულად გააქრო რადარებიდან, - ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა „პროგრეს ბანკის“ შესახებ და აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკს“ მთლიანად „პროგრეს ბანკი“ არ შეუძენია. მისივე თქმით, ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიების საგანი.

„კალაძის და ყველა დაინტერესებული პირის გასაგონად ვიტყვი, რომ ჩვენ ბანკი არ შეგვიძენია, „თიბისი ბანკმა“ შეიძინა რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, მაგრამ ის, რაც იქ დახვდა „თიბისი ბანკს“, იმის ხელის ხლება არ შეიძლებოდა, მარტივად რომ ვთქვათ. შესაბამისად, რამდენიმე ჯანსაღი აქტივი იქნა შეძენილი და დანარჩენი, თავის ბანკიანად, ეროვნულმა ბანკმა ძალიან ოპერატიულად გააქრო რადარებიდან. ამიტომ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის ადამიანები, პროკურატურა უნდა დაინტერესდნენ. მე აქ ვიცავ, ყველასგან განსხვავებით, ისევ იმ პოლიტიკოსებისგან გასხვავებით, „ოცნება“ მაქვს მხედველობაში, მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და პირდაპირ, პროკურორებივით ბრალს გვდებენ რაღაც დანაშაულში. მე ამ ხაზს არ გადავდივარ, გამოვთქვამ ძალიან სავარაუდო ეჭვს, რომ ეს საქმე არის საზოგადოებისთვის ძალიან ფართოდ გამოსააშკარავებელი, შესაბამისად, მოვუწოდებ ივანიშვილის პირად ადვოკატს, რომ გამოითხოვოს ეროვნული ბანკიდან ყველა ის მასალა და საზოგადოებას ისეთივე ბრიფინგებით გააცნოს ამის შესახებ, რა ბრიფინგებითაც აცნობდა ჩვენს შესახებ. პირდაპირ გეუბნებით, აქ რაღაც კომენტარები გაჩნდა, რომ თითქოს ჩვენ რაღაცის რაღაცით გადაფარვა გვინდა, თვითონ ჩვენი ქმედება, რომ ჩამოვშორდით „თიბისი ბანკს“, ჩამოვშორდით ანაკლიას, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც ჩვენ გვიკავშირდება, ვართ ძალიან გახსნილები, ძალიან გამჭვირვალეები, დავდივართ სასამართლოში და საზოგადოება გაიგებს, რა აბსურდულ ბრალდებასთან გვაქვს საქმე. თუ ესაა მიდგომა, მაშინ ყველა შემთხვევაში, ყველა მსგავსი საკითხი უნდა იქნას პროკურატურისთვის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის და საზოგადოებისთვის გამოძიების საგანი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, ხომ არ ხდებოდა ამ ბანკის გამოყენება ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ფინანსური რესურსებისთვის მაშინ, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, „პროგრესბანკის“ არაერთი ტრანზაქცია პანამას შეეხება, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ეს გამოძიების საგანია.

„ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ეს საუბრები დაიწყო ივანიშვილმა. თქვენ გახსოვთ მისი სატელევიზიო ინტერვიუები. ჩვენ ეს საუბრები არ დაგვიწყია ახლა, იმიტომ, რომ ვიღაცას სამაგიეროს ვუხდით. მინდა თქვენთან და ჩვენს შვილებთან ერთად ვიცხოვრო სამართლიან ქვეყანაში, სადაც კანონი კანონობს, სადაც კანონისთვის არ არის გამონაკლისი და კანონი არის ყველასთვის. მე წამოვედი პოლიტიკაში, დავტოვე ბიზნესი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთის, რომ კანონი იყოს უზენაესი, გამჭვირვალე და სუფთა ადამიანების საკეთებელი საქმე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო