თამარ ხულორდავა - ასოცირებული ქვეყნებისთვის საჭიროა დიფერენცირებული შეთავაზებები და სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს, რიჩარდ ტიბელსს, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკური მიმართულების უფროსს, ასუნსიონ სანჩეს რუისს და მის მოადგილეს, მონიკა ცაკის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით - სასამართლო და საარჩევნო სისტემებში განხორციელებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესით.

მათივე ინფორმაციით, თამარ ხულორდავამ სასამართლო სისტემის რეფორმაზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პოლიტიკური პოლარიზაციის და სხვა მიზეზთა გამო კრიტიკის საგანი გახდა, მნიშვნელოვანია, თავი არ შევიკავოთ ამჟამად მიმდინარე მოვლენების დადებითად შეფასებისგან. ეს პროცესი უპრეცედენტოა საქართველოში და მას პარლამენტი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება. ყველა დაინტერესებული მხარე, პარლამენტარები და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად არის ჩართული გასაუბრებაში. გარდა ამისა, პარლამენტის ყველა წევრი კარგად აცნობიერებს საკუთარ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ამ პროცესში“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

პარლამენტის ცნობით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების საკითხზე, საზედამხედველო ფუნქციაზე, რომლის განხორციელების შესაძლებლობაც ახალი რეგლამენტის მეშვეობით, პარლამენტს, ასე ეფექტურად პირველად მიეცა. ასევე, გამოყო საკომიტეტო მოკვლევის მნიშვნელობა კანონმდებლობის აღსრულების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციის წარმომადგენლები მიესალმნენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში სხვადასხვა სექტორის ჩართულობას. შეხვედრისას, საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობაში ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას გაესვა ხაზი და როგორც აღინიშნა ორივე მხარემ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ამ მიღწევას ხელი არაფერმა შეუშალოს. ამისთვის კი აუცილებელია საქართველოს პარლამენტის აქტიურობა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნასა და მოსახლეობის სწორად ინფორმირებაში.

საკანონმდებლო ორგანოდან გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, რადგან სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზიც მოინახულეს, შეხვედრისას ასევე, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ადგილზე და ევროკავშირის მხრიდან მისიის მხარდაჭერის აუცილებლობა მანამ, სანამ მისიის ადგილზე ყოფნაა საჭირო.

მათივე ინფორმაციით, რიჩარდ ტიბელსი დაინტერესდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მოლოდინებით და პარტნიორობის სამომავლო განვითარების ხედვებით ასევე, ევრონესტის სამიტში ბელარუსის მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებული დამოკიდებულებებით.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობისგან უფრო დიდია, ვიდრე ევროკავშირს სურს რომ შემოგვთავაზოს. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს წევრ სახელმწიფოებთან მუშაობა და ამ მიმართულებით თამარ ხულორდავამ ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და გერმანიაში ბოლო დროს გამართულ შეხვედრებს. ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებას, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური კავშირების, რადგან ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციას შესაბამისად, რუსეთთან არსებული სავაჭრო კავშირებისგან მეტ დამოუკიდებლობას.

სასურველ გზავნილებზე საუბრისას, თამარ ხულორდავამ დადებითი პოლიტიკური დინამიკის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ფინანსური დახმარების გაზრდაზე, სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის მატერიალიზების აუცილებლობაზე ისაუბრა. „საჭიროა ასოცირებული ქვეყნებისთვის დიფერენცირებული შეთავაზებები და სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

რაც შეეხება ევრონესტის სამიტში ბელარუსის მონაწილეობის საკითხს, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღინიშნა, საქართველო ამას მხოლოდ მიესალმება.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი სამიტი ყველა მხარეს დაეხმარება უფრო მკაფიო სამომავლო გეგმის ჩამოყალიბებაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფაში.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან "მოედანი"
ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის