ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი განცხადებას ავრცელებს. როგორც ასათიანი აცხადებს, მზად არის პირადად შეასრულოს მედიატორის ფუნქცია, რათა პროფესიული ინტერესების შესაბამისად დარეგულირდეს არსებული თუ მომავალი კონფლიქტები კოლეგებს შორის.

„სამწუხაროდ, გრძელდება იმ ადვოკატების მიმართ ნეგატიური კამპანია, რომლებიც მონაწილეობენ რამდენიმე რეზონანსულ საქმეში და იცავენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა ინტერესებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, სწორად გააცნობიეროს ადვოკატის როლი, რაც ნებისმიერი ადამიანის სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვაში გამოიხატება და არა იმაში, რომ დამნაშავე არ დაისაჯოს, თუკი სამართლიანი პროცესის შედეგად დადგინდება პირის ბრალეულობა. ასევე დაუშვებელია კლიენტთან ადვოკატის იდენტიფიცირება“, - აცხადებს ასათიანი.

მისივე განცხადებით, უფრო სამწუხაროა, კოლეგებს შორის გამართული საჯარო დისკუსია მიმდინარე საქმეებზე ადვოკატების გამონათქვამებთან დაკავშირებით.

„ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს კოლეგიალობის პრინციპებისა და პროფესიული ერთიანობის გაძლიერებას. ამიტომ, მესმის რომ შეიძლება არ მოგვწონდეს რომელიმე კოლეგის პოზიციონირება, თუ რაიმე საჯარო განცხადება, მაგრამ მოგიწოდებთ პატივი ვცეთ ერთმანეთის პროფესიულ თავისუფლებასა და გამოხატვის უფლებას. თუ მაინც ადგილი ექნება კოლეგებს შორის რაიმე გაუგებრობას და კონფლიქტს ეს საკითხები უნდა გადავწყვიტოთ ასოციაციის ერთიან ოჯახში, რისთვისაც არსებობს პროფესიული თვითრეგულირების მექანიზმი და ასევე აღმასრულებელი საბჭოს მხრიდან მედიაციის შესაძლებლობა.

პირადადაც მზად ვარ შევასრულო მედიატორის ფუნქცია, რათა პროფესიული ინტერესების შესაბამისად, დავარეგულიროთ არსებული თუ მომავალი კონფლიქტები კოლეგებს შორის. გვახსოვდეს, რომ ერთიან და ძლიერ საადვოკატო პროფესიას ალტერნატივა არ გააჩნია, თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში შედგეს სამართლიანი მართლმსაჯულება“, - ნათქვამია ასათიანის განცხადებაში.

ცნობისთვის, ადვოკატი ვასილ მამულაშვილი, 30-მდე ადვოკატის სახელით, „ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს მიმართავს, მარიამ კუბლაშვილის ქმედებებსა და განცხადებებზე რეაგირება მოახდინოს. ადვოკატის თქმით, მათი მოთხოვნაა, „ადვოკატთა ასოციაციამ" შეაფასოს მარიამ კუბლაშვილის მიერ ილია ჯიშკარიანის დაცვის პროცესი და შეაფასოს, თუ რამდენად იყო ამ პროცესში პროფესიული ეთიკის ნორმები დაცული, ამასთან, ხომ არ აყენებს კუბლაშვილის საჯარო განცხადებები ადვოკატთა რეპუტაციას ზიანს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი ადვოკატთა კორპუსის რეპუტაცია და საზოგადოების თვალში მათი ნდობის შენარჩუნებაა.

დღეს ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა პრესკონფერენციაზე თავისი კოლეგის, მარიამ კუბლაშვილის ქმედებებსა და განცხადებებზე რეაგირება მოითხოვა.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო