კახა კალაძე - არ ვიცი,   რას უწოდებს ხაზარაძე ჯანმრთელ და არაჯანმრთელ აქტივს -  არ არსებობს მსოფლიოში ბანკი, რომელსაც არაჯანსაღი აქტივების პორტფელი არ ჰქონდეს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პროგრესბანკის“ აქტივი მთლიანად შეისყიდა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობს მსოფლიოში ბანკი, რომელსაც პრობლემური აქტივი არ ჰქონდეს, თუმცა, კალაძის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძემ „პროგრესბანკის“ აქტივი მთლიანად იყიდა.

რაც შეეხება ხაზარაძის განცხადებას, რომ უცხოურ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აუდიტით „პროგრესბანკში“ „კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა” დაფიქსირდა, რამაც, მისივე თქმით, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ეჭვები გააჩინა, კალაძე ამბობს, რომ ასეთი დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ასევე, კალაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რომ ეროვნულმა ბანკმა რაღაც წაშალა.

„არ ვიცი, მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეროვნულმა ბანკმა რაღაც წაშალა. ეროვნული ბანკის განცხადებაც მოვისმინე, რომ არანაირი მსგავსი შინაარსის საბუთი მათ არ გააჩნიათ. თუ „თიბისი ბანკს“ აქვს ასეთი დოკუმენტები უნდა მიაწოდოს ეროვნულ ბანკს და შესაბამის სამსახურებს. არ ვიცი, არსებობს თუ არა ასეთი დოკუმენტი ან რა ტიპის და შინაარსის დოკუმენტია. არ ვიცი, ზოგადად, რა ტრანზაქციაზეა საუბარი, ან რის წაშლაზე. ეროვნულ ბანკს არ გააჩნია არანაირი დასაბუთებები. როდესაც „პროგრესბანკის“ გასხვისება მოხდა, მაშინ არანაირი კითხვის ნიშანი არ გაჩენილა, უცებ ვიგებთ 2 წლის თავზე, რომ თითქოს სადღაც რაღაც პრობლემა ჰქონდა. რადგან ეროვნულ ბანკს კითხვის ნიშანი არ გასჩენია, რადგან საბუთი არ არსებობს და მხოლოდ „თიბისი ბანკს“ აქვს, მათ ეს საბუთები უნდა მიაწოდონ ეროვნულ ბანკს და შესაბამის სამსახურებს, რომ გავიგოთ რაზეა საუბარი. ალბათ, მამუკა ხაზარაძე ცდილობს შეუსრულებელი ვალდებულებები ტყუილით და ჭორაობით გადაფაროს“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება „პროგრესბანკის“ გასხვისების ისტორიას, როგორც კალაძე აცხადებს, მამუკა ხაზარაძემ ბანკის მთლიანი აქტივი 2016 წელს მას შემდეგ იყიდა, რაც მას ბანკის 78%-იანი წილი გაასხვისებული ჰქონდა.

„2011 თუ 2012 წელი იყო, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე, მაშინვე დაიწყო რეპრესიები ჩემს წინააღმდეგ, ჩემს გარემოცვაზე. ერთ-ერთი მიმართულება იყო ბანკის განადგურება. მხოლოდ და მხოლოდ ორ ბანკს ებრძოდნენ - „პროგრესბანკს“ და „ქართუ“ ბანკს. იყო ადამიანების დაშინება, იმის მცდელობები, რომ იბარებდნენ და ეუბნებოდნენ, კრედიტები არ გადაეხადათ. ერთადერთი მიზნით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა წილობრივად, 22% წილის მფლობელი გახდა, იყო ეს მოტივი, რომ ბანკი გადაგვერჩინა. ასეც მოვახერხეთ. 2014 თუ 2015 წელს, მე გავასხვისე ჩემი 78% და ამის შემდეგ მოხდა 2016 წელს მისი შესყიდვა. ეს იყო ასე მარტივად. მამუკა ხაზარაძემ აქტივი მთლიანად შეისყიდა. არ ვიცი, ის რას უწოდებს ჯანმრთელ და არაჯანმრთელ აქტივს; ბანკში არსებობს როგორც ჯანმრთელი, ასევე პრობლემური აქტივები. არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ბანკი, რომელსაც არაჯანსაღი აქტივების პორტფელი არ ჰქონდეს. არ არსებობს ასეთი რაღაც! ვიღაც სესხს ვერ ემსახურება, ვიღაცას პრობლემები აქვს თანხების გადახდასთან დაკავშირებით და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო