ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს

ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

თურნავას თქმით, მოცემულობა, რომ მთავრობამ 6-ჯერ გადაუვადა კონსორციუმს ვადა, დასტურია იმ მხარდაჭერის, რომელიც მთავრობას პორტის მშენებლობის მიმართ აქვს.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით თქვენ შეიტყვეთ, რომ მთავრობა კვლავ თანმიმდევრულია. 2017 წლიდან მოყოლებული 6-ჯერ მოხდა ვალდებულებების შესრულების ვადების გაგრძელება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, რომ ბოლოს და ბოლოს შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები და ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ერთადერთი კომერციული პროექტია, რომლის მნიშვნელობაც საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი. თურნავა ამბობს, რომ გამოხატული სიტყვიერი, ფინანსური და იურიდიული მხარდაჭერიდან გამომდინარე ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ.

„ეს არის ერთადერთი პროექტი, რომელიც შეტანილია ქვეყნის კონსტიტუციაში. ეს თავისთავად არის უმაღლესი დასტური იმის, რომ ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტი. მსგავსი პროექტები ყველგან ხორციელდება მთავრობის მხარდაჭერის ფონზე და მთავრობის მხარდაჭერა არის ცალსახა გამოხატული პროექტის მიმართ. აქედან გამომდინარე, იმ მაღალი რეიტინგებიდან გამომდინარე, რომელიც ყოველდღიურად უმჯობესდება, მე ვგულისხმობ საინვესტიო გარემოს, გამომდინარე იქიდან, რაოდენ დიდი მხარდაჭერა გამოხატა მთავრობამ ამ პროექტის მიმართ სიტყვით, საქმით, ფინანსურად, სერიოზულ ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ,“ - დასძინა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს