ანა ნაცვლიშვილისთვის გაუგებარია, რა პრინციპით შეარჩია პროკურატურამ ის ორი საერთაშორისო ექსპერტი, რომელმაც ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დასკვნა მოამზადა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სპიკერის, ანა ნაცვლიშვილისთვის გაუგებარია, რა პრინციპით შეარჩია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ის ორი საერთაშორისო ექსპერტი, რომელმაც ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა.

ამასთან, როგორც ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე, პროკურატურამ გუშინ არასრულყოფილი დასკვნა გაასაჯაროვა. ამასთან, მისივე თქმით, „ამ დოკუმენტის საქმეზე დართვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“.

„მაშ ასე, აღმოჩნდა, რომ: ბიუჯეტის, ანუ თქვენი და ჩემი ფულით, საქართველოს პროკურატურა ქირაობს საერთაშორისო ექსპერტებს. არავინ ვიცით, როგორ და რატომ შეირჩა ეს ორი ადამიანი, მსოფლიოში არსებულ ათასობით ექსპერტს შორის? არ ვიცით, რა პირობებით არიან ისინი დაქირავებულები? არ ვიცით, რა ნიშნით ხდება მათი ჩართვა ან არ ჩართვა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ე.წ. დასკვნის მოსამზადებლად? რამე გაწერილი წესი არსებობს თუ ერთი კაცის თითის გაწკაპუნებით ხდება ეს ამბავი? არ ვიცით, რატომ არ იყვნენ ისინი ჩართულები 20-21 ივნისის საქმის გამოძიებაში, თვალების დათხრის, დათვის ტყვიების და, რაც მედიით გავიგეთ ორი დღის წინ, სავარაუდოდ - ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საქმეზე მომიტინგეთა წინააღმდეგ.

არც ის ვიცით, არიან თუ არა, და თუ არა - რატომ არ არიან ჩართული ექსპერტები სარალიძის, მაჩალიკაშვილის, კერზაიას, სავარაუდოდ, პოლიციელების მიერ გატაცებული და კრიმინალებისთვის ცხვარივით ჩაბარებული მოქალაქის საქმეში; ან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან დღისით-მზისით გატაცების საქმეში. არ ვიცით, რატომ არ არიან ეს ექსპერტები ათობით იმ ადამიანის საქმის გამოძიებაში ჩართულები, ვინც წლებია ელოდება სამართლის რაიმე ნიშანს მაინც! მოკლული, ნაწამები, ქონებაჩამორთმეული ადამიანების საქმეები, მტვერი რომ დაედო პროკურატურაში. ეს არ ვიცით! არც ღირსად გვთვლიან, რომ გვითხრან რაში და რატომ ხარჯავენ ჩვენს ფულს და რაც ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია - რის საფუძველზე მოქმედებენ ჩვენი, საქართველოს სახელით!

მაგრამ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმით გავიგეთ, რა ხდება სინამდვილეში! აი, ამ საქმეში, ჩაურთავთ ეს ექსპერტები და მოუმზადებიათ ე.წ. დასკვნა. ეს ე.წ. დასკვნა კარგა ხანია დაიწერა, მაგრამ პროკურატურამ გუშინ გაასაჯაროვა, "შავ ზღვაზე აშშ-ს რა ესაქმება" საუბრის შინაარსის გასაჯაროების და ანაკლიის პროექტზე ჩანიშნულ პრესკონფერენციამდე 5 წუთით ადრე, შემთხვევით. მაგრამ, საკითხი აქ არ მთავრდება.

გაასაჯაროვეს არასრული ე.წ. დასკვნა! გარდა იმისა, რომ ამ დოკუმენტის საქმეზე დართვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, საინტერესოა შემდეგი პიკანტური "დეტალები": დოკუმენტის დასაწყისში (რომელიც პროკურატურას არ გამოუქვეყნებია) გაცხადებულია, რომ ეს ორი ექსპერტი ა. არ იცნობს ქართულ ენას; ბ. შესაბამისად დაეყრდნენ მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალების (და არა საქმის სრული მასალების) თარგმანს. ( ვინ და როდის თარგმნა 29 ტომიანი საქმე არ ვიცით, არც ის, როგორ თარგმნა.); გ. ექსპერტები არ იცნობენ ქართულ კანონმდებლობას და არ არიან სპეციალისტები ამ მიმართულებით…

გამობრძანდით ახლა და საზოგადოებას ჩააბარეთ ანგარიში, რას და რაში უხდით ამ ექსპერტებს ბიუჯეტის ფულს, არავითარი დუმილი, საჯარო უნდა იყოს ეს ინფორმაცია!

ასევე ველი ინტერესით, როდის დააანონსებთ, რომ "პროგრეს ბანკის" თემაზე მოწმედ დაიბარეთ .... ბიძინა ივანიშვილი და ჩართეთ ამ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები“, - წერს ანა ნაცვლიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს