ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის ახალი სათამაშო შექმნა

„ბავშვთა ინტელექტის განვითარებაში ფაბლაბის აქტიური ჩართულობა და მისი ფართო სპექტრით გამოყენება“ - ამ თემაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის (ბიზნესინკუბატორი) სივრცეში შეხვედრა გაიმართა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ორგანიზაცია „ანიკას“ და „განათლების ახალგაზრდული ასოციაციის“ წარმომადგენლები, ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის წევრები და სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილვის მთავარი თემა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვების ინტელექტუალური ცნობადობის განვითარება, ამ მიმართულებით ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის აქტიური ჩართულობა და მისი შესაძლებლობების გამოყენება იყო. ფაბლაბმა, კონკრეტული მაგალითის სახით, წარმოადგინა ახლად დასრულებული პროექტი - ინტელექტუალური სათამაშო „აღმოაჩინე ევროპა“.

ფაბლაბის ხელმძღვანელმა გიორგი ფრანგიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ახალი ინტელექტუალური სათამაშოს კონცეფცია და ფუნქციები გააცნო.

მან იმ დადებით მხარეებზე ისაუბრა, რომელთა მეშვეობითაც სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვები ხალისით აითვისებენ გეოგრაფიისა და ისტორიის საფუძვლებს, ასევე კარგად გაერკვევიან ტურიზმის სფეროშიც. სტუმრებს ახალი სათამაშოს ტესტირების საშუალებაც მიეცათ, რამაც შეხვედრას მეტი დინამიურობა და ინტერესი შესძინა.

როგორც გიორგი ფრანგიშვილმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს, უახლოეს მომავალში პროექტის „აღმოაჩინე ევროპა“ სხვადასხვა მიმართულებით განვრცობა იგეგმება.

„გვინდოდა ბავშვებისთვის შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც ერთდროულად, სათამაშოც გახდებოდა და საგანმანათლებლო-შემეცნებითი დატვირთვაც ექნებოდა. ჩვენი პროექტის მიზანია, ბავშვებში გაიზარდოს ცოდნის შეძენის სურვილი და რაც მთავარია, ეს მოხდეს სწრაფი, ინოვაციური და ასაკობრივი კატეგორიისთვის მარტივად ასათვისებელი გზით. ბევრი მუშაობის შედეგად, შევიმუშავეთ ჩვენი კონცეფცია და ნიმუშად შევქმენით სათამაშო, რომლის პლატფორმა ევროპაა. თუმცა, სათამაშოს ჩვენეული კონცეფცია მოიაზრებს სხვადასხვა თამაშების შექმნასაც, რომლებსაც განსხვავებული პლატფორმები ექნება, როგორიცაა ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, ბუნების სამყარო და ა.შ. მსგავს პლატფორმაზე თამაშისას, ბავშვი ხალისით გაიღრმავებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ განივითარებს კონცენტრაციის, სხარტი აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარებს. ეს მათთვის უდავოდ საინტერესო ჯგუფური სათამაშო გახდება. როცა პირველად, ფაბლაბში სტუმრად მყოფ პოლონელ მკვლევარებს ჩვენი სათამაშო წარვუდგინეთ, გაკვირვებული დავრჩით, თუ როგორი ხალისით ითამაშეს და აღმოაჩინეს ევროპა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. ამდენად, ვფიქრობთ, თუ ამ ტიპის სათამაშოები ჩვენს საბავშვო ბაღებსა და დაწყებითი კლასებში დაინერგება, ეს მრავალმხრივ სასარგებლო აღმოჩნდება ბავშვების ინტელექტის განვითარებისთვის“, - განაცხადა გიორგი ფრანგიშვილმა.

ფაბლაბის ხელმძღვანელმა და გუნდის წევრებმა ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის, როგორც ინოვაციური ლაბორატორიის სტრუქტურასა და მუშაობის სტილზეც ისაუბრეს. გარდა ამისა, მათ სტუმრებს დასრულებული და მიმდინარე პროექტებიც წარუდგინეს.

შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი პროექტი დაანონსდა - სპეციალური სახელმძღვანელოს გამოცემა ახალგაზრდებისთვის. სახელმძღვანელოს - „როგორ შექმნა პროექტი“, ტექნიკური უნიევერსიტეტის ფაბლაბი „განათლების ახალგაზრდულ ასოციაციასთან“ ერთად ამუშავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა