დავით ზალკალიანი - მსურს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის საგარეო უწყება და პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მათ ოჯახებში მოიტანს მშვიდობას და არა შეიარაღებულ კონფრონტაციას

„ჩვენს უკან დგას ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო „საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება“.

“მსურს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის საგარეო უწყება და პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მათ ოჯახებში მოიტანს მშვიდობას და არა შეიარაღებულ კონფრონტაციას, სტაბილურობას და არა ესკალაციის მუდმივ საფრთხეს, გააზრებულ ნაბიჯებს და არა სპონტანურ გადაწყვეტილებებს, შეუქცევად ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ამისათვის გადავდგამ ყველა საჭირო ნაბიჯს, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი მოსახლეობის მანდატით და ჩვენს უკან დგას ჩვენი ქვეყანა, რომლისთვისაც ახლა უმთავრესია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, რაც, როგორც თავად ხედავთ, ასეთი აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამ ვითარებაში ხელისუფლებამ მოახერხა და სწორი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული უამრავი ცხელი წერტილისა, საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნა საქართველოს საკითხი და იგი აქტუალურია ისეთ საერთაშორისო ტრიბუნებზე, როგორიც არის გაეროს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეა, ადამიანის უფლებათა საბჭო, ეუთო, ევროპის საბჭო, ნატო და ევროკავშირი“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის უმთავრეს მიზნად და იმავდროულად უმთავრეს გამოწვევად რჩება სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა.

“ამ მიზნის მიღწევის გზად ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია მშვიდობიანი, კონსტრუქციული, რაციონალური პოლიტიკა, რაც არის უმთავრესი წინაპირობა ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის, ეს კი არის პირდაპირი გზა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენისათვის”, - განაცხადა ზალკალიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა