ანა ნაცვლიშვილი - პროკურატურას უახლოეს პერიოდში გადაეცემა წერილის დედანი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიასგან მიიღო

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სპიკერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პროკურატურას უახლოეს პერიოდში გადაეცემა წერილის დედანი, რომელიც მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან გიორგი გახარიასგან მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, არსებობს რისკი, რომ პროკურატურისთვის გადაცემის შემდეგ წერილის დედანი განადგურდეს, ამიტომ მხარე ფიქრობს, რა მექანიზმით მოხდება ამ რისკის დაზღვევა.

„წერილის მრავალმხრივი ექსპერტიზა დასრულდა და დასკვნა, ასევე წერილის დედანი უკვე თბილისშია. შედეგი მოცემულია დასკვნაში, რომელიც ოფიციალურმა ბიურომ შეადგინა. ესაა ბიურო, რომელსაც თვითონ ინგლისის სახელმწიფო უწყებები მიმართავენ. ჩვენ ვფიქრობთ, რა მექანიზმით გადავცეთ ეს ორიგინალი ოფიციალურ უწყებებს და რა იქნება იმის გარანტია, რომ ეს დოკუმენტი არ განადგურდება ან არ ჩანაცვლდება ფარატინა ქაღალდით. იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები, რომ ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც არის ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი, არ გადანდგურდება,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ნაცვლიშვილის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ არსებული პროკურატურა ამ ხელისუფლების პირობებში საქმეს გამოიძიებს. მისივე თქმით, როდესაც გაჩნდება ამის პოლიტიკური ნება , რომ საქართველოს ჰყავდეს დამოუკიდებელი პროკურატურა, აღნიშნული წერილი გამოძიების საგანი გახდება.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

ხაზარაძემ წერილის ასლი გამოძიებას საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას გადასცა. წერილის დედანის ექსპერტიზა კი ლონდონში ჩატარდა. ხაზარაძის თქმით, მან მუქარის წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო. თუმცა, შუამავლის ვინაობა, ამ დრომდე უცნობია. საქართველოს პროკურატურამ წერილი 6 მარტს გამოაქვეყნა.

წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, რომ „ტვ პირველს“ ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკრიტიკებდა და ტელეკომპანია „არტარეას“ „ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებლივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“, - ნათქვამი იყო წერილის ასლში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.

მუქარის წერილთან დაკავშრებით გამოძიება არ დაწყებულა. პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება ამ ეტაპზე მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას: "რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა