კახა კოჟორიძე - ვერ დავეთანხმები პაატა სალიას, რომ აქიმიძისა და დვალის სარჩელი ხანდაზმულია - მზად ვარ, მასთან ამ თემაზე ნებისმიერ ეთერში ვისაუბრო

ვერ დავეთანხმები პაატა სალიას, რომ აქიმიძისა და დვალის სარჩელი ხანდაზმულია. მზად ვარ, მასთან ამ თემაზე ნებისმიერ ეთერში ვისაუბრო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

კახა კოჟორიძე უცნაურს უწოდებს პაატა სალიას განცხადებას, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ და სარჩელი ხანდაზმულია.

მისივე თქმით, ხანდაზმულობის პრობლემა იყო ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით.

„ცოტა უცნაურია, ბატონი პაატასგან ამის თქმა, იმიტომ, რომ ხანდაზმულობის პრობლემა დაისვა ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვის დროს და მაშინ ხალვაშის ადვოკატები ამას იმით ხსნიდნენ, რომ რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო 2012 წლის არჩევნებამდე, განხორციელებული იძულება გაგრძელდა არჩევნებამდე და პროკურატურაში სარჩელის შეტანით შეწყდა ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს ჩვენს შემთხვევაში. კანონის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იძულების დასრულების მომენტიდან. უზენაესმა პალატამ თქვა, რომ ქიბარ ხალვაშის საქმეზე იძულება დასრულდა 2012 წელს და შესაბამისად, ჩვენთან მიმართებაშიც 2012 წელს დასრულდა. აქიმიძემ და დვალმა შემდეგ მიმართეს პროკურატურას, რაც საკმარისია, რომ ხანდაზმულობა შეწყდეს“, - აცხადებს კოჟორიძე.

კოჟორიძის თქმით, დვალისა და აქიმიძის სარჩელი შეიცავს იმ მტკიცებულებებს, იმ სამართლებრივ პოზიციას, რამაც ერთხელ უკვე გაიარა ქართულ სასამართლოში ტესტი და უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები მისაღებია და დაკმაყოფილდა მისი სარჩელი.

„უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მოსაზრებები და სამართლებრივი მსჯელობები გადმოტანილია ჩვენს სარჩელში. ქიბარ ხალვაშის მიერ სარჩელში დაფიქსირებულ პოზიციას ვიყენებთ ჩვენი პოზიციის გასამყარებლად. აქიმიძის და დვალის სარჩელს მტკიცებულებად ერთვის ხალვაშის სარჩელი, მისი ჩვენება, რომ 2004 წელს უმაღლესი თანამდებობის პირების, მერაბიშვილის, ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ იქნა მისთვის ცნობილი, რომ „რუსთავი 2“ 7 მილიონ დოლარად იყიდებოდა. ქიბარ ხალვაში უთითებს, რომ ოქრუაშვილს მისცა 1.2 მლნ და 4 მილიონი მისცა შს მინისტრს. მე ვსვამ კითხვას, რანაირად შეიძლება ასეთი ტიპის გარიგება?,“-განაცხადა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო