დავით ზალკალიანი ოპოზიციის კრიტიკაზე - ოკუპაცია არის სირცხვილი - ბორდერიზაცია, რომელიც ოკუპაციის შედეგია, არის სირცხვილი - საქართველოს საკითხის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან გაქრობა, არის სირცხვილი

ოკუპაცია არის სირცხვილი, ბორდერიზაცია, რომელიც იმ ოკუპაციის შედეგია - არის სირცხვილი. საქართველოს საკითხის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან გაქრობა - არის სირცხვილი,- ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის სხდომაზე თავის დასკვნითი სიტყვის ნაწილში ოპოზიციის კრიტიკას.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგი და სირცხვილზე საუბარი მათი მხრიდან მიუღებელია.

"რაც მე დღეს ოპონენტების მხრიდან მოვისმინე, ეს იყო შეურაცხმყოფელი მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და იმ დიპლომატებისთვის, რომლებიც მუხლჩაუხრელად, 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მეც ვიყავი ოპოზიციაში ბევრ თქვენგანთან, მაგრამ არასდროს წავსულვარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. არასდროს ვკადრულობდი იმას, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ ოპონენტების მხრიდან. ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა მძიმე საყურებლად შეაფასა, ჩემთვისაც უმძიმესი იყო მათი ცქერა დღეს... მათ შორის იმ ადამიანებისგან, ვისთან ერთადაც გარკვეული წლების წინ ვიყავი დიპლომატიურ სამსახურში. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს, იმ კოლეგებს მათ შორის, ვისთან ერთადაც მათაც უწევდათ მუშაობა. საუბარი იყო აქ სირცხვილზე. სირცხვილი ძალიან ბევრი რამ არის და მათი მხრიდან ამაზე საუბარი არის ეს კატეგორიულად მიუღებელი და არასდროს შევეგუები და მივიღებ ამას.

სირცხვილი არის ის, რა მდგომარეობამდეც მიიყვანეს მათ ქვეყანა და რა მდგომარეობაშიც გადმოვიბარეთ ის 2012 წელს. ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია- შედეგი არის სირცხვილი. ბორდერიზაცია, რომელიც შედეგია ოკუპაციის არის სირცხვილი, ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის იძულებით გადაადგილება და საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილებად ყოფნა - აი, ეს არის სირცხვილი. ათასობით ქართველის გამოძევება რუსეთის ტერიტორიიდან - აი, ეს არის სირცხვილი. ეს არის შედეგი მათი მმართველობის. საქართველოს გაქრობა საერთაშორისო თაბამეგობრობის დღის წესრიგიდან - არის სირცხვილი. მე აქ ხელთ მაქვს სტატისტიკა, თუ რა იყო 2008 წლიდან 2012 წლამდე ჩვენი შედეგები საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში აქტუალიზაციის კუთხით, მათ შორის მიღებული რეზილუციების რაოდენობა და რა შედეგები გვაქვს დღეს. სირცხვილია ის ნულები, რომელზეც აქ საუბრობდა ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტი და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა, რომ ნულია მხარდაჭერა და მე ვისაუბრე ამაზე და ისინი არც მისმენდნენ. ეს არც არის მათი დამოკიდებულება რომ მომისმინონ. არც მქონდა იმის განცდა, რომ მათ გადავარწმუნებდი, მე საზოგადოებას ვესაუბრებოდი",- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, დღეს დავით ზალკალიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო