თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება

თეთრიწყაროში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით დღეს, დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან დაკავშირებას.

ღონისძიებაში მონაწილეობას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მსხვილი და საშუალო კომპანიებისა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლები მიიღებენ.

ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს ადგილზე გაეცნობიან და პროფესიული მომზადების კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. თავის მხრივ, დამსაქმებლებს საშუალება ექნებათ არსებულ ვაკანსიებზე მოიძიონ შესაბამისი კადრები.

გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ადამიანები, ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ისტორიებს გაუზიარებენ, თუ როგორ შეიძლება გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.

RDFG კი, ღონისძიების მიმდინარეობისას, ფორუმის მონაწილეთათვის პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერებს გაათამაშებს. გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი ინტერესების შესაბამისი, პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსი თავად შეარჩიონ.

სოციალური მომსახურების სააგენტომ ფორუმის გამართვის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება worknet-ზე დარეგისტრირებულ რეგიონში მცხოვრებ, 26 000-მდე, სამუშაოს მაძიებელს წინასწარ გაუგზავნა. ღონისძიებაზე მონაწილეობისთვის სამუშაოს მაძიებელმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს (სარეგისტრაციო ლინკი - http://apps.ssa.gov.ge:4000/ ).

ღონისძიების მსვლელობისას სამუშაო მაძიებლებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაუწევენ და საჭიროების შემთხვევაში, worknet.gov.ge-ზეც დაარეგისტრირებენ. ასევე, ფორუმზე სააგენტოს წარმომადგენლები როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დამსაქმებლებს ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა