არჩილ თალაკვაძე „პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზე - ვთხოვ ოპონენტებს, რომლებიც ვიწრო სფეროში ოპერირებენ, ფართო კონტექსტში შეხედონ საკუთარ სასაცილო განცხადებებს

ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის აქვს დახარჯული სამ მილიარდზე მეტი და ამ სამი მილიარდის პროექტები, ეს არის საზოგადოების პროექტები, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ინფრასტრუქტურა, განათლების სფერო. ეს ისეთი პროექტებია, საიდანაც მას და მის ოჯახს მოგება არ მიუღია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პროგრეს ბანკთან" დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განუცხადა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, უნდა დაინტერესდეს თუ არა პროკურატურა საქმით, რადგან „საუბარია შესაძლო ფულის გათეთრებასა და ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის სქემაზე." როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, გამოძიების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები არ უნდა იღებდნენ.

„არაერთხელ გითხარით, რომ გამოძიების დაწყებაზე პოლიტიკოსები არ უნდა იღებდნენ და არ იღებენ გადაწყვეტილებას, კანონის უზენაესობის პირობებში ამ გადაწყვეტილებას იღებენ ის ინსტიტუტები, ვისაც ეს უფლებამოსილება აქვს.

რაც შეეხება ამ ბრალდებას, მე პირადად ძალიან მიკვირს, რა არგუმენტაციას აფუძნებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, როდესაც საუბრობენ შესაძლო ფულის გათეთრებაზე. ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის აქვს დახარჯული სამ მილიარდზე მეტი და ამ სამი მილიარდის პროექტები, ეს არის საზოგადოების პროექტები, ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ინფრასტრუქტურა, განათლების სფერო. ელემენტალურად, ეს ისეთი პროექტებია, საიდანაც მას პირადად და მის ოჯახს არანაირი მოგება არ მიუღია. ბოლო ამისი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი კოლოსალურ ქველმოქმედებას ახორციელებს. საიდანაც ის, მისი ოჯახი რეალურად მოგებას ვერ მიიღებს. ამ მოგებას მიიღებს სახელმწიფო და საქართველო, როდესაც უფრო განათლებული თაობა და შესაბამისად, უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი პოლიტიკა და უფრო ძლიერი მეცნიერება ექნება.

ამ ყველაფრის ფონზე, მე ვთხოვ ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც ძალიან ვიწრო სფეროში ოპერირებენ, როდესაც ამ საკითხებს აფასებენ, ცოტა ფართო კონტექსტში შეხედონ საკუთარ სასაცილო განცხადებებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო