ოთარ კახიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე - ე.წ. საერთაშორისო ექსპერტები პროკურატურის თანამშრომლები არიან, იმას წერენ, რასაც დაუკვეთავენ -„მელამ საკუთარი კუდი მოწმედ მოიყვანაო“

არსებობს ქართული ანდაზა - „მელამ საკუთარი კუდი მოწმედ მოიყვანაო“, ე.წ საერთაშორისო ექსპერტები პროკურატურის ჩვეულებრივი თანამშრომლები არიან,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წერილს გამოეხმაურა.

კახიძის შეფასებით, მრჩეველთა ჯგუფს ხელფასს პროკურატურა უხდის და ისინი “უბრალოდ უცხოელები არიან, არაფრით განსხვავდებიან თავიანთი ქართველი კოლეგებისგან”.

„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ამ ბატონებმა დასკვნა რომ დაწერეს-მიხეილ სააკაშვილის საქმე მტკიცებულებებით მყარიაო, ზუსტად იგივე საქმეზე ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს წითელი ცირკულარით ძებნილადაც კი არ გამოვაცხადებ, ვინაიდან, მტკიცებულებები მყარი არ არის და საქმეებს პოლიტიკური მოტივაცია აქვთო. ამ ადამიანების ნაწერს არანაირი ფასი არ აქვს, უბრალოდ, ინგლისურ ენაზე წერენ იმას, რასაც მათ პროკურატურა პირდაპირ დაუკვეთავს. ეს პირები არიან პროკურატურის თანამშრომლები და პროკურატურის დაკვეთების შემსრულებლები. ეს ამბავი ახალი არ არის, წლების განმავლობაში სწორედ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე წერენ ამგვარ დასკვნებს”,-აცხადებს ოთარ კახიძე.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის მიწერილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა და მიიჩნია, რომ „მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა”.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა