ირაკლი ხმალაძე საცობების განტვირთვის გეგმაზე - პატრულის მიერ ცალკეულ ადგილებზე მანქანების ნაკადების ფიზიკურად მართვას, დაემატება ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა

უახლოეს პერიოდში, პატრულ-ინსპექტორების მიერ, ცალკეულ ადგილებზე მანქანების ნაკადების ფიზიკურად მართვას, დაემატება ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა, რომლის საშუალებით, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, ნაკადების ოპტიმალურად მართვას ერთობლივად განვახორციელებთ, - ამის შესახებ ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, საცობების განტვირთვის მიზნით ახალი სისტემის დანერგვაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სისტემა "გამოყენებულია ყველა განვითარებულ ქალაქში და მისი მიზანია, ნაკადები გადავანაწილოთ ისე, რომ ნაკლები საცობი მივიღოთ ქალაქში".

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, კონკრეტულ სცენარებს, მანქანების მიმართულებებისა და შუქნიშნის რეჟიმის შესახებ, კონკრეტული დროის მონაკვეთებში, ელექტრონული პროგრამა გადაწყვეტს.

"ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემის პროექტს მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უკვე ახორციელებს, რაც ითვალისწინებს ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას. ეს არის არსებული ფაქტობრივი ნაკადების ავტომატურ რეჟიმში მიწოდება და ოპტიმალური ნაკადების მართვის სცენარების კარნახი სისტემიდან. დღეს, კონკრეტული პატრულ-ინსპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულები და ფიზიკურად ხდება ნაკადების მართვა. ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები განვახორციელებთ ნაკადების ოპტიმალურად მართვას", - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული დეტექტორების მონტაჟი მოხდება შუქნიშნებზე, რომელიც დაითვლის ნაკადებს.

"დროის კონკრეტულ მონაკვეთში, როდესაც ერთ დღეს მოხდება რაღაცის დათვლა, დროის იგივე მონაკვეთში, მეორე დღისთვის, მოგცემს უფრო უკეთეს სცენარს. შეიძლება გიკარნახოს, რომ შუქნიშნის რეჟიმი შეიცვალოს, ან შეიძლება მოდელმა გიკარნახოს მიმართულების მხრივ უფრო ოპტიმალური სცენარი", - აღნიშნა ხმალაძემ.

მისი თქმით, თუ იდეალურად აეწყო სისტემა, შეიძლება სატრანსპორტო მოძრაობის დარეგულირების პროცესში, საპატრულო პოლიციის, ე.წ მარეგულირებლების ჩართვა აღარც იყოს საჭირო.

"ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დროის კონკრეტულ მონაკვეთში, თუ სად რა ნაკადის მოცულობა არის მომეტებული და იქიდან გამომდინარე გვაძლევს კონკრეტულ სცენარებს. შეიძლება მიმართულება შეცვალოს, შეიძლება შუქნიშნის რეჟიმი შეცვალოს, ეს დაეხმარება როგორც მერიას, ისე საპატრულო პოლიციას ნაკადების ოპტიმალურად მართვაში", - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე, თუ როდიდან ამოქმედდება აღნიშნული სისტემა, ხმალაძემ განაცხადა, რომ "უახლოეს პერიოდში ამოქმედდება".

"ახლა ვართ შესყიდვის პროცედირებში და რამდენიმე თვეში, ეტაპობრივად მოხდება ამის დანერგვა", - აღნიშნა ხმალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა