გიორგი გახარია - ფასეულობების დონეზე, იმას რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები, პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, მაშინ, როცა საოკუპაციო ხაზთან ვდგავართ, ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს

„ფასეულობების დონეზე იმას, რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, მაშინ, როდესაც ჩვენ ამ საოკუპაციო ხაზთან ვდგავართ, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში, პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა რეგიონებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები შიდა ქართლით, გორით დაიწყო, სადაც გორის სამხატვრო სკოლის შენობაში პირველ შეხვედრას მართავს. მან მთავრობის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი განათლების სფეროა და 2020 წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა.

„ის გამოწვევები, რომელსაც დღეს გლობალური კონკურენცია უსახავს თითოეულ ჩვენ ახალგაზრდას, თუნდაც მაღალი სპეციალიზაციის ან ძალიან სპეციფიკური ცოდნების ნაწილში, რა თქმა უნდა, თქვენი ფუნქცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. საერთოდ, ჩვენი სოციალურად აქტიური საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ თქვენ, არ ვამბობ ამას რაღაც მოფერების გამო. ბოლო პერიოდი ჩვენ ძალიან გვაკრიტიკებენ ამ ბიუჯეტის შედგენის გამო, სადაც ძალიან მკაფიოდ განვსაზღვრეთ რამდენიმე ფუნდამენტური პრიორიტეტი. ეს არის პირველ რიგში ბავშვები, ახალგაზრდა თაობა, ამასთანავე, ჩვენი პენსიონერები, მოხუცებული თაობა, რომელიც სწორედ უზარმაზარი ღვაწლმოსილი ადამიანები არიან. ვთქვით, რომ სახელმწიფო აპარატი, რომელიც ამ სოციალურ ჯგუფებს ემსახურება, პირველ რიგში ეს არიან მასწავლებლები, მეორე რიგში - ჩვენი მედიკოსები და ყველაფერს ამას კრავს პოლიცია. ეს არის ის სახელმწიფო სერვისების ინფრასტრუქტურა, რომელიც წყნარ, მშვიდ გარემოში თითოეულ მოქალაქეს აძლევს როგორც თვითგამორკვევის, თვითრეალიზაციის, ასევე, წყნარად, მშვიდად ცხოვრების, ყოველდღიური საქმიანობის საშუალებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვამბობთ, რომ ის სახელმწიფო სერვისები, სახელმწიფო ფუნქციები, რომელსაც ატარებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

მანვე პედაგოგებს ღია და გულწრფელი კომუნიკაცია შესთავაზა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მათ შეუძლიათ, ღიად და გულწრფელად გამოხატონ, თუ რა აწუხებთ. პრემიერის თქმით, იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც რეგიონებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, შეხვედრები ყოველთვის პედაგოგებით დაიწყება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ბევრი სხვა, მსხვილი სოციალური ჯგუფები გვყავს, რომელიც მისახედია, უაღრესად დასაფასებელია სახელმწიფო მოხელეების ფუნქციონირება და მათი მოღვაწეობა სხვადასხვა სფეროსა და დარგში, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მომუშავე ადამიანების, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან, თუმცა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ფასეულობების დონეზე იმას, რასაც აკეთებენ პედაგოგები, რასაც აკეთებენ მედიკოსები, რასაც აკეთებენ პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, მაშინ როდესაც ჩვენ ამ საოკუპაციო ხაზთან ვდგავართ, აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. ამიტომ, ვიწყებთ გორით, ვიწყებთ თქვენით და ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - ერთმანეთის არ უნდა მოგვერიდოს, მე არ ვარ ის ადამიანი, რომ მწვავე კრიტიკის ან შეკითხვის ან მოგვერიდოს, ან გაგვაბრაზოს ამან, ან კიდევ შეგვაშინოს. არა, ამ ურთიერთობის ფასი სწორედ იმაშია, რომ აბსოლუტურად ღიად, გულწრფელად ვთქვათ ის, რაც გვაწუხებს. შეიძლება, ჩვენს სფეროს ცდებოდეს კიდეც - ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა გასვლა რეგიონში დაიწყება პედაგოგებით, გაგრძელდება მედიკოსებით, შემდეგ პოლიციით, შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებით და სხვადასხვა ჯგუფით. ამას არ აქვს რაღაც მიზანი გარდა იმისა, რომ უკეთესად და პირდაპირ თქვენგან შევიგრძნოთ ის, რა ხდება რეგიონში, როგორ მუშაობენ, რა სპეციფიკური პრობლემებია ამ დარგში ან რეგიონში, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენ მარტივად გადასაწყვეტი პრობლემებისგან ვქმნით რაღაც დიდ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება უბრალოდ, ერთი სატელეფონო საუბრით ან სწრაფად გადაწყდეს. არ გვაქვს ჩვენ ბევრი დრო“, - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო