მაია ცქიტიშვილი - ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ანაკლიის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დღევანდელი შემადგენლობით არსებულმა კონსორციუმმა სასამართლო დავა დაიწყოს, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნულს არ გამორიცხავს.

„რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას, მაგრამ არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან. სამწუხაროდ, მე ამას ვამბობ, იმაზე დაყრდნობით, თუ რა მესიჯებს ვისმენთ ან რა ტერმინოლოგიას, განსაკუთრებით ბოლო დროს, განსაკუთრებით რამდენიმე ასეთი სიტყვაა დამაფიქრებელი, როგორიც არის: პოლიტიკური საბოტაჟი, დივერსია და ა.შ. სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ და ამ შემთხვევაში ვიტყვი იმასაც, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მე მაინც გავიხსენებ და შეგახსენებთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლის რიტორიკას ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ ეს პროექტი იყო დაწყებული იმის გამო, რომ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ოკუპირებულ ტერიტორიას, რომ ეს არის რეგიონისთვის აუცილებელი განვითარება და ა.შ. ....

მე ჯერ კიდევ მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს ახსოვთ თავისივე სიტყვები, თუ რის გამო იყო მათთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანი. პირადადაც მათ შორის. მოდით, იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, კითხვაზე კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, რას ეტყვიან ინვესტორებს, რომლებმაც ინვესტიცია უკვე განახორციელეს, მინისტრმა აღნიშნა, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, ყველა ის ხარჯი, რომელიც არის გაწეული ადრეული შეწყვეტის თარიღამდე, ეკისრება იმ მხარეებს, რომლებმაც ეს ხარჯი გასწიეს.

„კერძო ინვესტორები - ეს არის უკვე კონსორციუმის მხარე, ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩემი სფერო. ურთიერთობები კონსორციუმის წევრებს შორის, მათ შორის მათ ინვესტიციებზე, რომლებიც მათ ჩადეს, რა თქმა უნდა, ეს არის კონსორციუმის მხარე“,- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრმა ისაუბრა კონსორციუმის მხრიდან გაწეულ ხარჯებზეც.

„სინამდვილეში კონსორციუმი რასაც ამბობს, რომ 70 მილიონი დოლარი არის ჩადებული ამ პროექტში, ეს არის თანხა, რომელსაც კონსორციუმი აცხადებს, რომ აქვს უკვე დახარჯული და აქვთ დახარჯული ინტერესთა გამოხატვის დღიდან, 2014 წლიდან. ანუ პრაქტიკულად ყველა ის ხარჯი, რომელიც არის გაწეული მათი მხრიდან, სატენდერო წინადადების მომზადებაც კი არის შესული ამ თანხაში. რეალურად უნდა ვიცოდეთ, რომ 70 მილიონი დოლარის სამუშაო ადგილზე არ არის შესრულებული“, - განმარტა მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო