ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა შსს-თვის ჯერ არ გადაუციათ, უფუნქციო შენობის შენახვაზე კი 10 თვეში ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსებასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ის, როდის შეიძენს ახალ ფუნქციას ამ დროისთვის დაკონსერვებული, 340 მილიონიანი შენობა, ჯერ კიდევ უცნობია.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა სტადიაზეა საკითხზე მუშაობა, თუმცა როგორც ირკვევა, შენობა ამ დრომდე პარლამენტის ბალანსზეა და ის შსს-ს ჯერ არ გადასცემია.

ამასთან, როგორც სააგენტოს შსს-ში განუმარტეს, ამ ეტაპზე უწყება საპოლიციო ჰაბის კონცეფციას ამუშავებს.

„ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა ამ ეტაპზე არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე. ასევე შესაბამისად, აღნიშნული შენობის შენახვაზე სამინისტროს ხარჯი არ გაუწევია. ამასთან, გაცნობებთ რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე დაგეგმილია პოლიციის რეგიონული ცენტრის დაფუძნება, რომელიც იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი და გაერთიანდება სხვადასხვა საპოლიციო სერვისი, როგორიცაა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სამინისტროს სსიპ(ებ)ი დაცვის პოლიცია, აკადემია და სამინისტროს სხვა სტრუქტურული დანაყოფები. აღნიშნული ცენტრის განვითარებისთვის მომზადებულია შესაბამისი კონცეფცია, რომელიც ცენტრის განვითარებას ითვალისწინებს ფაზებად. მიმდინარეობს კონცეფციის დამუშავება, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

ინფორმაციისთვის, „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, ბოლო თვეების განმავლობაში, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვის ხარჯებიც გამოითხოვა. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 10 თვეში, რაც შენობას ფუნქცია აღარ აქვს, მხოლოდ დაცვაზე მისი შენახვა სახელმწიფოს თითქმის ნახევარი მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

კერძოდ, პარლამენტის სასახლის დაცვის შემადგენლობაზრე გაწეულმა ხარჯმა 10 თვეში 493 234 ლარი შეადგინა. კონკრეტულად ქუთაისის პარლამენტს საშუალოდ 50 ადამიანი იცავს და მათზე 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე შრომის ანაზღაურების სახით 485 945 ლარი გაიცა, სპეციალური უნიფორმის ღირებულებამ კი 7 289 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობამ მისი პირვანდელი ფუნქცია თითქმის ერთი წლის წინ, 2018 წლის დეკემბერში, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ დაკარგა, რითაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელად კვლავ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა განისაზღვრა. იმ პერიოდშივე დაანონსდა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი განთავსდებოდა.

იხილეთ ვიდეო: ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვაზე 10 თვეში ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო