უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შალვა თადუმაძე და ზაზა თავაძე არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, არამედ ჩვეულებრივი მოსამართლის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ მედიას ბრიფინგზე განუცხადა, როდესაც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი კანდიდატის თაობაზე პარტიის შეფასება წარმოადგინა.
ოთარ კახიძის თქმით, “ევროპულმა საქართველომ” გასულ საკომიტეტო კვირაში პარლამენტში წარმოდგენილი ხუთი კანდიდატი : მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე და ვლადიმერ კაკაბაძე შეაფასა.
„ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ ამ კანდიდატებიდან თამარ ზამბახიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მაია ვაჩაძეს რაც შეეხება, ის აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლის კრიტერიუმებს, თუმცა კეთილსინდისიერების კრიტერიუმში მან ის სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა, რომელიც მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს. ვინაიდან, მას განხილული აქვს “რუსთავი2”-ის საქმე, რომელიც ძალიან პრობლემური საქმეა. საქმე დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, სადაც მაია ვაჩაძე მონაწილეობდა და მან დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა აღნიშნულის საჭიროება”,-განაცხადა კახიძემ.
რაც შეეხება კანდიდატ შალვა თადუმაძეს და ზაზა თავაძეს, ოთარ კახიძე ამბობს, რომ აღნიშნულ კანდიდატებთან ძალიან დაბალი სტანდარტი დაფიქსირდა, როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით.
„ამიტომ, ეს კანდიდატები არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, არამედ ჩვეულებრივი მოსამართლის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ.
რაც შეეხება, ვლადიმერ კაკაბაძეს, ის იყო ნამდვილად გამორჩეული კნდიდატი, რომელმაც მინიმალური შეფასებები მიიღო და პრაქტიკულად “ევროპული საქართველოს” გუნდი ერთსულოვანი იყო მისი შეფასების დროს. ეს არის კანდიდატი, რომელმაც სამართლებრივად სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება გამოიტანა უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ და ვერ დაასაბუთა აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსი. მას არ ესმის გამოხატვის თავისუფლება რა არის და ელემენტარულ კითხვებსაც ვერ გასცა პასუხი. ამიტომ, ვლადიმერ კაკაბაძემ მინიმალური შეფასებები მიიღო. ჩვენ განვაგრძობთ კანდიდატებთან გასაუბრებებს და თითოეული რაუნდის დასრულების შემდეგ წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებებს”,-აღნიშნა ოთარ კახიძემ.
ცნობისთვის, “ევროპულმა საქართველომ” უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების მეთოდოლოგია შეიმუშავა. პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები და ქულათა სისტემა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას თითოეული კანდიდატის იმ პროფესიული მონაცემების შესახებ, რაც სავალდებულოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსის მოსაპოვებლად.”ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს აფასებს სამი კრიტერიუმის საფუძველზე: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები. პარტიამ წინა კვირაში საკუთარი შეფასებები მედიას ხუთ კანდიდატთან დაკავშირებით გააცნო, დღეს კი გასულ საკომიტეტო კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი ხუთი კანდიდატის თაობაზე გააჟღერა ინფორმაცია.