უზბეკეთის ვიცე-პრემიერი - გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით და მოვახდინოთ სინერგია როგორც ტურიზმის, ასევე ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროში

ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, - ამის შესახებ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნიკოლოზ ალავიძე, ასევე უზბეკეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ელიორ განიევის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო საკითხები და საქართველო-უზბეკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განხილეს.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო 9 თვის განმავლობაში 15%-ით არის გაზრდილი.

„ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევები ტურიზმის სექტორში. ჩვენ გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით და მოვახდინოთ სინერგია როგორც ტურიზმის, ასევე ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროში“, - განაცხადა ელიორ განიევმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უზბეკეთის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა.

ელიორ განიევის თქმით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიმართ დაინტერესებას უამრავი ქვეყანა იჩენს და წელს რეკორდული რაოდენობის დელეგატი მონაწილეობს.

„ეს ფორუმი შესანიშნავი საშუალებაა, განვიხილოთ სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარება. ფორუმის ფარგლებში ვაჭრობის საკითხების განხილვა დაგვეხმარება ჩამოვაყალიბოთ ეფექტური სატრანსპორტო ურთიერთობა, რადგან ეფექტური კორიდორის გარეშე ვაჭრობის განვითარება შეუძლებელია“, - აღნიშნა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა