პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ღია ომი აქვს გამოცხადებული ანაკლიის პორტის პროექტის ავტორების და მენეჯერების წინააღმდეგ. ეს ჩემი ბრალდება ან შეთქმულების თეორია არ არის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მედიასთან განაცხადა, რითაც დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პარლამენტში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა” და ინფრასტრუქტურის მინისტრის დაბარების საკითხს გამოეხმაურა.
ბოკერიას თქმით, მოთხოვნა ლეგიტიმურია.
კითხვაზე, აისახება თუ არა აღნიშნული პროცესზე დადებითად, ბოკერიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის მოვალეობაა, მძიმე პერიოდში გამოიყენოს არსებული ინსტრუმენტები.
„პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ღია ომი აქვს გამოცხადებული პროექტის ავტორების და მენეჯერების წინააღმდეგ. ეს ჩემი ბრალდება ან შეთქმულების თეორია არ არის. ივანიშვილმა საჯაროდ თქვა ამის შესახებ, რის შემდეგაც მისი დაკვეთით სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გამოძიება დაიწყო. პარლამენტის მოვალეობაა, ასეთ მძიმე პერიოდში გამოიყენოს ის ინსტრუმენტები, რაც არის. ეს ინიციატივა ლოგიკურია“, - აცხადებს ბოკერია.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს პარლამენტში იწვევს ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად.
დეპუტატების აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს ყველა მხარეს ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტის თემაზე, რათა საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი პასუხები და გაიგოს ორივე მხარის პოზიცია.