ევროკომისიამ ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა

ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას ევროკომისია მხარს უჭერს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ხორვატიამ ყველა ზომა მიიღო იმ პირობების შესასრულებლად, რაც შენგენის ზონაში შესვლისთვისაა საჭირო, - განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ხორვატიას ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება მოუწევს, რათა აღნიშნული პირობები მომავალშიც შენარჩუნდეს, განსაკუთრებით ეს ეხება გარე საზღვრების მართვის საკითხს.

ხორვატია ევროკავშირის წევრი 2013 წელს გახდა, თუმცა მანამ, სანამ მას შენგენის ზონაში შესვლის ნებართვას მისცემდნენ, ხორვატიას ბრიუსელისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ევროკავშირის გარე საზღვრების ეფექტურად მართვა შეუძლია, რაც მიგრანტთა კრიზისის გამო განსაკუთრებულად სენსიტიურ საკითხად ითვლება.

შენგენის ზონა ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოდან 22-ს და 4 არაწევრ სახელმწიფოს - ნორვეგიას, ისლანდიას, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინს - აერთიანებს. ევროკავშირის 6 სახელმწიფო : ხორვატია, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი, რუმინეთი და კვიპროსი ჯერ-ჯერობით შენგენის ზონის წევრები არ არიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა