აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს. კანონპროექტს 31-მდე თანასპონსორი ჰყავდა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად დამტკიცებამდე, იგი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა ერთხმად მიიღეს.

საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას; კერძოდ, კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალისმიერი გზით ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი მიმდინარე დაკავების, გატაცებისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, და მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვის, ქვეყნიდან გაძევების, ვიზისა, თუ აშშ-ში შესასვლელად საჭირო სხვა შესაბამისი დოკუმენტების არგაცემის/გაუქმების, შესაბამისი ტრანზაქციების დაბლოკვის/აკრძალვის და ფინანასური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით, ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში და 180 დღიან პერიოდში მინიმუმ ერთხელ, ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე კონგრესისათვის დეტალური ანგარიშის წარდგენას.

კანონპროექტით აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას გამოხატავს და ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.

კონგრესმენები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან. კანონპროექტი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ მომავალი და დამოუკიდებლად აირჩიონ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის სხვა ქვეყნებთან, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სხვა ქვეყნის მიერ ჩარევის, დაშინებისა, თუ ძალადობის გარეშე.

კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ის პოლიტიკა უნდა იყოს - საქართველოსთან კონსულტაციის გზით, გააძლიეროს საქართველოს მიერ საფრთხის თავიდან აცილების, წინააღმდეგობის გაწევისა და თვითდაცვის შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ქვეყნისადმი აშშ-ის შესაბამისი დახმარების გზით. საკანონმდებლო აქტით კონგრესი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, მოამზადოს და აშშ-ის კონგრესს წარუდგინოს აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში 2008 წლიდან გაწეული დახმარების, საქართველოს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შეფასების ანგარიში და ასევე საქართველოს მიერ საფრთხის თავიდან აცილების, წინააღმდეგობის გაწევისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მომავალი ხუთი წლის სტრატეგია. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული, საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სხვა, აშშ-ის სხვა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, კონგრესს უნდა წარუდგინოს საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე ანგარიში.

კანონპროექტი ასევე, მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ის სხვა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, ზემოხსენებულ საკითხზე აშშ-ის კონგრესს უნდა წარუდგინოს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თაობაზე ანგარიში.

როგორც შემდგომი ნაბიჯი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, იგი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში იგი კანონის ძალას შეიძენს.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი ერთხმად დაამტკიცა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს