დავით ზალკალიანის განცხადებით,  მხარდამჭერ აქტში არის მინიშნება და ბმა "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან" მიმართებაში და შესაძლო სანქციების დაწესებაზე იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ სიაში არიან

ასეთი სახის უპრეცედენტო, მაღალი დონის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველო-ამერიკას შორის პარტნიორობის ისტორიაში და საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია, - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დაამტკიცების საკითხს.

მისი თქმით, ეს იმ სტარატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია, რომელიც ამერიკა-საქართველოს გააჩნია.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მიმართ ამ მართლაც უპრეცედენტო საკანონმდებლო აქტის მიღებისთვის. მე მხედველობაში მაქვს წარმომადგენლობითი პალატის მხრიდან ერთხმად დამტკიცება. რა თქმა უნდა, ამ აქტმა უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები სენატში. შემდეგ უკვე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, ძალაში შევა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ამ დოკუმენტის მიღება ასევე ადასტურებს იმას, რომ საქართველოს აქვს აშშ-ს საკანონმდებლო შტოს ორპარტიული მხარდაჭერა. მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი უაღესად დახუნძლულია მრავალი სერიოზული საკითხით და ამ დროს, აშშ-ს მხრიდან ამ სახის მაღალი დოკუმენტის მიღება ხდება საქართველოსთან მიმართებით, ადასტურებს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ზალკალიანის განმარტებით, ასევე ადასტურებს იმას, რომ საქართველოს საკითხს ამერიკის პოლიტიკურ დღის წერიგში უაღრესად მოწინავე პოზიციები უკავია.

„დოკუმენტი ყოვლისმომცველია. ის განსაზღვრავს ჩვენს თანამშრომლობას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერასა და დახმარებას, რომელიც უპრეცედენტოა, უკვე გვაქვს და აუცილებელია ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი ურთიერთობის დონე ეკონომიკურ და ვაჭრობის სფეროში იყოს თანასწორი იმ ურთიერთობისა, რომელიც გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. თავად ის ფაქტი, რომ ამ დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის კუთხით შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის მიღებას წინ უძღოდა 28 კონგრესმენის ერთობლივი მიმართვა აშშ-ს შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მიმართ.

„მიმართვაში სწორედ ამ საკითხზეა ფოკუსირება და იმაზე, რომ საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიცია გვჭირდება და ამერიკის მონაწილეობა გვჭირდება ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დოკუმენტი, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის მხრივ კარგი საშუალებაა ურთიერთობის გაღრმავებისთვის", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ამ დოკუმენტში ასევე არის მინიშნება და ბმა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან მიმართებაში და შესაძლო სანქციების დაწესებაზე იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ სიაში არიან შეყვანილები.

„ის ავალდებულებს ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას, მუშაობა დაიწყოს შემზღუდავი ზომების მიღებასთან დაკავშირებით და ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობ, ის ხელშესახებ შედეგს მოიტანს. ასევე მოწოდებაა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, პატივი სცეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა