ადვოკატი - იულია სუსლიაკი ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, მას ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ, მისი 10-ვე შვილი კი სოხუმშია

ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის იულია სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგები დახმარებას ამ დრომდე უწევენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თოდუა აცხადებს, იულია სუსლიაკს ფსიქოლოგიური დახმარება მას შემდეგ დასჭირდა, რაც მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ზურაბ თოდუას განმარტებით, სუსლიაკის ათივე შვილი ახლა მამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე - სოხუმში იმყოფებიან.

„იულია სუსლიაკი ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, მას ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. აღნიშნული ციხიდან გამოსვლის შემდეგ დასჭირდა.

რაც შეეხება მის შვილებს, ისინი სოხუმში, მამასთან იმყოფებიან. ბავშვები იქ რუსეთის გავლით ბებიებმა ჩაიყვანეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასაჩივრებული მაქვს ადმინისტრაციული აქტი, რომლის თანახმადაც, იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. სუსლიაკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი საქრთველოში 18 დეკემბერს გაიმართება. ველოდები, რომ ამის შემდეგ იულია სუსლიაკი საქართველოში ჩამოსვლას შეძლებს და აფხაზეთში თავის შვილებთან გადავა. სუსლიაკის საქმის გამოძიება საქართველოში არ მიმდინარეობს. ის სრულიად უკანონოდ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა, სადაც ჩემი ინფორმაციით, არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს“, - განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლა.

სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს