ირაკლი პეტრიაშვილი - რა აპოკალიფსია იმაში, რომ სამუშაო დრო იყოს ნორმირებული? - სიდუხჭირე და უმუშევრობა არ უნდა იყოს გამოყენებული ადამიანის დასამონებლად

ბიზნესი არის მიჩვეული საკუთარი ინტერესების სამთავრობო ლაბირინთებში ლობირებას და მოგვარებას, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ბიზნესი, დასაქმებულები და მთავრობა არ არიან მჭიდრო ურთიერთობაში.

ამასთან, ირაკლი პეტრიაშვილმა დამსაქმებლის მხრიდან ზეგანაკვეთური შრომის განსხვავებული ტარიფით ანაზღაურების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„რა კატასტროფა და რა აპოკალიფსია იმაში, რომ სამუშაო დრო იყოს ნორმირებული? ის სიდუხჭირე, უმუშევრობა და პრობლემები, რაც გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური მიმართულებით, ეს ყველაფერი არ უნდა იყოს გამოყენებული ადამიანის დასამონებლად. სანამ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში არ არის შესაბამისი, რომ დასაქმებულს ჰქონდეს არჩევანი, ბუნებრივია სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას შრომითი ექსპლუატაცია , რომელიც 21-ე საუკუნეში არის მონობის ტოლფასი. ჩნდება კითხვა: ადამიანი უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკას, თუ ეკონომიკა უნდა ემსახურებოდეს ადამიანს?

სახელმწიფო ადამიანის ირგვლივ, მის უფლებებზე, მისი ბედნიერების ინდექსზე უნდა იყოს ორიენტირებული. ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში შრომითი უფლებების კუთხით ვერ იქნება ის მდგომარეობა, რაც მაგალითისთვის, ნორვეგიაში ან გერმანიაშია, თუმცა, არც ისე უნდა იყოს, როგორც შუა საუკუნეების ლათინურ ამერიკაში იყო. თუ ამაში ვერ ვთანხმდებით, მაშინ მართლაც ბარიკადებია და ჩვენ ამ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვართ“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ დეკრეტული შვებულებაში მყოფი დასაქმებულების შესაბამისი ანაზღაურების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრა პრიორიტეტი უნდა იყოს.

„ყველა კვლევა და რეალობა, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ქვეყანა ახალგაზრდებისგან იცლება, ქვეყანა ბერდება. რასაც ბიზნესი ამბობს, რომ ჯერ კაპიტალი დავაგროვოთ და შემდგომ ვიზრუნოთ ანაზღაურებაზე, ხვალ რომ ფული გაჩნდეს ეკონომიკაში, ქვეყანას სამუშაო ძალა აღარ ჰყავს.

ამ უმუშევრობის პირობებში დასაქმებული ქალბატონები ფიქრობენ, გააჩინო ბავშვი თუ შიმშილით სიკვდილისკენ გასწირონ 2-3 ადამიანი, რომელსაც არჩენენ“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს