„თიბისი ბანკის“ გენდირექტორი „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით დღეს მედიაში გავრცელებულ დოკუმენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, დღეს „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებული დოკუმენტი შედგენილია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ მიერ, რომელიც „არის ტექნიკური დოკუმენტი და არანაირად არ უკავშირდება ფულის გათეთრების საერთაშორისო აუდიტორულ დასკვნას“.

„ეს დოკუმენტი არის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამოწმების ხელშეკრულება, შესაბამისად, ეს დოკუმენტი, როცა ვნახეთ დღეს, დღესვე გადავუგზავნეთ ეროვნულ ბანკს",- განუცხადა ჟურნალისტებს ბუცხრიკიძემ.

მან „თიბისი ბანკის“ მიერ „პროგრეს ბანკის“ აქტივების შეძენასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ჩვენ შევიძინეთ „პროგრეს ბანკის აქტივები და ვალდებულებები. ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ ფინანსური და იურიდიული შემოწმება და ამის საფუძველზე შევიძინეთ აქტივები და ვალდებულებები”,- აცხადებს ბუცხრიკიძე.

კითხვაზე, „პროგრეს ბანკის“ 95%-იანი წილის შეძენის შემდეგ იყო თუ არა „თიბისი ბანკში“ დასკვნა, რომ დარჩენილი პროცენტი იძლეოდა რისკის საფუძველს, რომ შესაძლოა ფულის გათეთრება ყოფილიყო, ბუცხრიკიძე პასუხობს, რომ „ასეთი შესწავლა არ გაუკეთებიათ“.

„ეს ჩვენი ინტერესის სფერო არ იყო. მხოლოდ ის ნაწილი იყო შემოწმებული, რომლის აქტივებისა და ვალდებულებების შეძენას ვაწარმოებდით. ეს არ არის ერთი შემთხვევა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით ოთხი ასეთი ან უფრო დიდი ტრანზაქცია გვაქვს გაკეთებული და ყოველთვის, როცა ვაკეთებთ, შესაბამის ფინანსურ და იურიდიულ აუდიტს ვაწარმოებდით",- აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა