ლალი ფაფიაშვილი - თუ გამოხატვის თავისუფლება მოსამართლის მიმართ დაუსაბუთებელ ფორმას არ იღებს, სტრასბურგის სასამართლო თვლის, რომ პრიორიტეტულად გამოხატვის თავისუფლება უნდა ჩაითვალოს

თუ გამოხატვის თავისუფლება მძიმე ბრალდებების ფორმას არ იღებს, თუ ის მოსამართლის მიმართ არ იღებს დაუსაბუთებელ ფორმას, ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო თვლის, რომ პრიორიტეტულად უნდა ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლება, როგორი სარკასტულიც არ უნდა იყოს, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლალი ფაფიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, როდესაც უპასუხა უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის კითხვას, როგორ შეუძლია ერთმანეთს შეუთავსოს გამოხატვის თავისუფლება და პიროვნების დაცვა და გამოიტანოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არც პირველი ზიანდება და არც - მეორე.

როგორც ფაფიაშვილმა აღნიშნა, სწორი ბალანსის შერჩევა ერთ-ერთი რთული საკითხია, თუმცა ალბათ, მაინც გამოიყენებდა სტრასბურგის სასამართლოს იმ პრეცედენტებს, რაც ზოგადად, დადგენილია მოსამართლეების მიმართ გამოხატვის თავისუფლებაზე.

„პირველი საკითხი, ალბათ, რომელზეც უნდა შევთანხმდეთ არის ის, თუ ვის ეხება ეს. ეს ეხება დავუშვათ, მოსამართლეს და მოსამართლის მიმართ გამოხატულ კრიტიკულ პოზიციას, თუ ეს ეხება კერძო პირს. ზოგადად, თუკი ავიღებთ იმ სტანდარტებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც საქართველოს მიმართ, თუნდაც ამ მიმართულებით არსებობს, მაგალითად, შეიძლება ავიღოთ გორელიშვილის საქმე, ჯიშკარიანის საქმე, ასევე გამოხატვაზე აქვს საუბარი კაკაბაძის საქმეზე, ყველა საქმეს წითელ ხაზად გასდევს ერთი მიდგომა - სასამართლო ზოგადად მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოხატვის თავისუფლება მძიმე ბრალდებების ფორმას არ იღებს, თუ ის მოსამართლის მიმართ არ იღებს დაუსაბუთებელ ფორმას, ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო თვლის, რომ პრიორიტეტულად უნდა ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლება, როგორი სარკასტულიც არ უნდა იყოს, ასევე როგორი მიუღებელი და შოკის მომგვრელიც არ უნდა იყოს. გამოხატვის თავისუფლებას დაცვა მაშინ ხომ სჭირდება, როდესაც იმას, რასაც ამობენ ჩვენ არ მოგვწონს ან ჩვენს ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის, თორემ, ის რაც ნეიტრალურია, ყველასათვის მისაღებია, ამ შემთხვევაში პრობლემა არ გვაქვს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩემი მიდგომაც ეს იქნება. ძალიან კარგად მესმის ჩვენი კანონმდებლობისა და სტრასბურგის მიდგომა ოდნავ განსხვავებულია, იმიტომ, რომ ქართული კანონმდებლობა ამერიკულ საფუძვლებზეა აგებული, სადაც ძალიან ფართოა სიტყვის და გამოხატვის დაცვის თავისუფლების გარანტიები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მათ შორის, მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებაც, რაც ბოლო პერიოდში იყო „რუსთავი 2“ ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის მიერ დადებული. იქაც გარკვეულწილად იყო მინიშნებელი ამ საკითხთან მიმართებით“, - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა