იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილის მოსმენა მიმდინარეობს, ერთმანეთს კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე დაუპირისპირდნენ. შელაპარაკებისას, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს მიმართა, რომ თუ ის ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მიერ ჩადენილ ქმედებებს, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის" კვოტით არ უნდა შესულიყო პარლამენტში.
აღნიშნულზე კახიძემ უპასუხა, რომ ის ემიჯნება არა „ნაციონალური მოძრაობის" წარსულს, არამედ მისი მომავლის ხედვას.
„ჩადენილ ქმედებებს და „ნაცმოძრაობასთან“ წარსულს მე არ ვემიჯნები. მე პასუხისმგებლობას ვიღებ იმ წარსულზე. მე რასაც ვემიჯნები, ეს არის მომავლის ხედვა. ეს არის ჩვენ შორის განსხვავება და არა წარსულთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას, მიღწევებზეც და შეცდომებზეც,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.
დეპუტატებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ოთარ კახიძემ ლალი ფაფიაშვილს ჰკითხა: „რა მოქმედებაა, რა ვითარებაა, როდესაც პრემიერ-მინისტრს ჰყავს უფროსი, რომელიც ბრძანებებს აძლევს, პრემიერი კი მათ უსიტყვოდ ასრულებს?".
აღნიშნული კითხვის შემდეგ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის ცინიზმი და სარკაზმი უადგილოა, რამაც კახიძის გაღიზიანება გამოიწვია.
კამათისას კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ კახიძეს მიკროფონი გაუთიშა.
„მესმის, რომ ემოცია გაქვთ იმ წარსულთან დაკავშირებით, თუმცა დამშვიდდით და თავი შეიკავეთ. თქვენ არ გეკითხებით მე, რა შეფასებას გავაკეთებ. არც მე გავცდენილვარ კორექტულობის ფარგლებს. ბატონო ოთარ, უხერხულად გამოჩნდებით კამერებთან. თქვენ 20 წუთი გადააცილეთ დროს და არ შემიწყვეტინებია თქვენთვის. როდესაც საუბრობთ, რომ ეჭვები გაქვთ ვიღაცის მხრიდან ზეწოლაზე, თქვენ რასაც აკეთებთ მოსამართლეებთან მიმართებაში, ეს არის სწორედ ზეგავლენის მოხდენის მცდელობა კონკრეტულ მოსამართლეებზე,"- მიმართა ოხანაშვილმა.
თავის მხრივ, კახიძემ მას უპასუხა, რომ როდესაც ასეთ რეპლიკას აკეთებს მის მიერ დასმულ კითხვებზე, მაშინ იგი ვალდებულია პასუხიც მოისმინოს.
"ეს არის სწორედ ცინიზმი თქვენი მხრიდან, როდესაც უტიფრად ამართლებთ ხელისუფლების თავდასხმას საკონსტიტუციო სასამართლოზე. საკონსტიტუციო სასამართლოს დამორჩილება იყო სამარცხვინო საქციელი. მე მშვიდად ვარ, თქვენ შეიკავეთ თავი ჩემი კითხვების შეფასებისგან. ეს არ არის თქვენი საქმე. თქვენ სხდომა უნდა წაიყვანოთ. უხერხულად თქვენ გამოჩნდებით. მიკროფონს მითიშავთ მას შემდეგ, რაც ჩემზე პოლიტიკური შეფასება გააკეთეთ, გეგონება სიმშვიდით შევხვდებოდი თქვენგან მორალის კითხვას აქ", - უპასუხა კახიძემ.