ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს მაშინ არ მოუხდენია რეაგირება, როცა მოსამართლეები პოლიტიკურ დებატებში იყვნენ ჩართული წინასაარჩევნოდ

მხარი არ დავუჭირე ამ განცხადებას, ვინაიდან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მოუხდენია რეაგირება მაშინ, როცა მოსამართლეები, გაგახსენებთ ლევან მურუსიძეს, პოლიტიკურ დებატებში იყვნენ ჩართულები წინასაარჩევნოდ ძალიან აქტიურ პერიოდში, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს ანა დოლიძესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა. ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭო შერჩევითად უდგება მის წევრებს.

მისივე თქმით, ასევე იყო შემთხვევები, როცა იუსტიციის საბჭოს წევრები ერთვებოდნენ პოლიტიკურ დებატებში პოლიტიკოსებთან სოციალურ ქსელებში და მსგავს შემთხვევებზე საბჭოს რეაგირება არ მიუხდენია.

„მათ ამ მიმართვას ფასი მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუ ისინი იქნებოდნენ ობიექტურები და სამართლიანები ყველასთან მიმართებაში",- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, მსგავს შემთხვევებზე იუსტიციის საბჭოს მხრიდან რეაგირების შემთხვევაში, დაუჭერდა თუ არა მხარს ანა დოლიძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მსგავს დაშვებებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ვითარება არაორდინალურია.

„ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როცა ვხედავთ ძალიან დიდ დაპირისპირებას იუსტიციის საბჭოში. მოსამართლე წევრები ამით გამოირჩევიან და ჩემს მიმართ ყოფილა არაერთი მწვავე შეფასება, განცხადებები, ამიტომ ჩვენ ორდინალურ ვითარებაში არ ვიმყოფებით,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, კანონი კრძალავს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას, მაგრამ რა არის პოლიტიკური საქმიანობა, ეს მისი შესაფასებელი არ არის.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა. როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისადმი ამ მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო