არჩილ თალაკვაძე „ცერბერუსთან“ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - თუ ასეთი შეხვედრა იყო, რადგან თქვენთვის ცნობილია, გამოდის, რომ ეს გასაიდუმლოებული არ არის

„რადგან თქვენთვის ცნობილია, თუ ასეთი შეხვედრა იყო, შესაბამისად, გამოდის, რომ გასაიდუმლოებული არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობა ამერიკულ ფონდ „ცერბერუსს“ ხვდება.

მანვე უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს მოლაპარაკებები გასაიდუმლოებული და მიმდინარეობს თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გარეშე.

„რადგან თქვენთვის ცნობილია, თუ ასეთი შეხვედრა იყო და ეს თქვენთვის ცნობილია, შესაბამისად, გამოდის, რომ ეს შეხვედრა გასაიდუმლოებული არ არის. პარლამენტი არ არის ამ მოლაპარაკებებში ჩართული, კონკრეტული დეტალები ნებისმიერ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიიღოთ ეკონომიკის სამინისტროსგან“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მთავრობას არც ერთი მოლაპარაკება არ ჩაუშლია.

„ამ პროცესში არსებობს პასუხისმგებლობა ორ მხარეს, ერთი ეს არის, რომელიც პორტთან დაკავშირებით ჰქონდა მთავრობას, რაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო შესრულებული. ეს არის მიწების გამოსყიდვა და გადაცემა პროექტისთვის, ეს არის სუბორდინებულ სესხზე თანხმობა, მაგისტრალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რკინიგზის და საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ეს ყველა პირობა იყო შესრულებული და იყო მზადყოფნა მათ შემდგომ შესრულებაზე ისე, როგორც თავიდან იყო შეთანხმებული. სამწუხაროდ, გამოწვევები ჰქონდა მეორე მხარეს, კერძო სექტორს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ - მათ ვერ შეასრულეს აღებული ვალდებულებები, ამის გამო მთავრობამ რამდენიმეჯერ გადაუვადა და ბოლო გადაწყვეტილებაც გადავადებასთან დაკავშირებით მიიღო სწორედ მთავრობამ. ეს მოწმობს იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო კომპრომისი, მხარდაჭერა იყო გაკეთებული პროექტის განხორციელებისთვის. რაც შეეხება ინვესტორებთან მოლაპარაკებებს, აქაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომ მომავლის ინფრასტრუქტურა განავითაროს ქვეყანამ, მათ შორის აეროპორტების, მაგისტრალების, პორტების შესაძლებლობები განავითაროს და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში, მომავალ ეკონომიკურ გეგმებში ანაკლიის პორტიც ასევე არის მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენ გავაგრძელებთ მომავალშიც ამ პროექტის მხარდაჭერას და ეს გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი არ ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტით ამერიკული ფონდი „ცერბერუსია“ დაინტერესებული. როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფონდის ვინაობის შესახებ მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდეგ გახდება ცნობილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო