ზაზა გაბუნია - სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 2019 წელს არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში მოისმინა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა. სხდომაზე ძირითადი მომხსენებელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი იყო, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წელს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან გაცილებით მეტი თანხები დაიხარჯა სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებზე, ვიდრე გასულ წლებში.

ილია ბეგიაშვილის განცხადებით, წელს მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელდა როგორც ბაღების მშენებლობა, ასევე ბაღების რეაბილიტაცია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 8 ბაღის მშენებლობა ღირებულებით 4 412 000 ლარი, ხოლო სხვადასხვა სახის რეაბილიტაცია ჩაუტარდა 213 ბაღს, რისთვისაც 6 321 000 ლარი დაიხარჯა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2019 წელს 14 ბაღის მშენებლობა დაიწყო და რეაბილიტაცია 259 ბაღს ჩაუტარდა. საერთოდ კი, ბაღების რეაბილიტაცია - მშენებლობაზე დახარჯულმა თანხებმა ჯამში 19 მლნ ლარი შეადგინა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი მიმდინარე წელს 6 ბაღის მშენებლობა დაფინანსდა, საერთო ღირებულებით 1 350 000 ლარი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 46 ბაღს, რისთვისაც 6 944 000 ლარი დაიხარჯა.

როგორც ილია ბეგიაშვილმა განაცხადა, წელს პირველად მოხდა, რომ 57 მუნიციპალიტეტს, თბილისის და აჭარის გარდა, მთავრობის განკარგულებით, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 40 მლნ ლარამდე გამოეყო. ამ მიმართულებით განისაზღვრა ოთხი პრიორიტეტი: სახურავების მოწესრიგება, კარ-ფანჯრების გამოცვლა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, სველი წერტილების მოწესრიგება. შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 640 სკოლას, სადაც განხორციელდა 767 პროექტი და, შესაბამისად, ამ პროექტების მიხედვით, მოეწყო სველი წერტილები, გათბობის სისტემები, ელექტროგაყვანილობა, შეიცვალა კარ-ფანჯრები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტდარბაზებს და მოეწყო მინი-მოედნები.

კომიტეტის წევრებს მუნიციპალური განვითარების ფონდის განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა ამავე ფონდის დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით ტაბიძემ.

თბილისის ბაგა-ბაღებში არსებული ვითარების, პრობლემებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსმა კახა გვანცელაძემ, რომლის ინფორმაციითაც, თბილისში არსებული 185 ბაღი 62 ათას ბავშვს ემსახურება, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ბაღების ეს რაოდენობა საკმარისი არ არის. მან სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და კომიტეტის წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს როგორც ძირითადი მომხსენებლისგან, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძისგან.

სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით, მსგავსი საკომიტეტო მოსმენები, რომლებიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში ტრადიციად იქცა, არის ძალიან ეფექტური და იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ გარკვეულ საკითხებზე რეაგირება ბევრად უფრო ოპერატიულად მოხდეს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მაჟორიტარ დეპუტატებთან აქტიური კომუნიკაცია ეხმარებათ სრული ინფორმაციის მიღებასა და საქმიანობის სწორად დაგეგმვაში, და კომიტეტთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

„დღევანდელი სხდომაც აჩვენებს, რომ ჩვენ ვახდენთ პოლიტიკის ფორმირებას, მათ შორის ჩანს ისიც, რომ სამინისტროებს აქვს ხედვები და გეგმები და ისინი მუშაობენ, თუმცა სხდომაზე დასმული აქცენტები მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ და იმედი გამოთქვა, რომ სხდომაზე კომიტეტის წევრების მიერ წამოჭრილი საკითხები აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სამუშაო პროცესში იქნება გათვალისწინებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს