კლუბ „რესპუბლიკაში" ათასწლეულების ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამოცხადებისა და STEM მენტორთა კლუბის დაარსების ღონისძიება გამართა

კლუბ „რესპუბლიკაში" ათასწლეულების ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამოცხადებისა და STEM მენტორთა კლუბის დაარსების ღონისძიება გამართა.

კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის (STEM) და ინოვაციების მიმართ. კონკურსში გამარჯვებული, პირველ ადგილზე გასული გუნდი 2020 წელს გაემგზავრება NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში და მონაწილეობას მიიღებს ცენტრის სასწავლო პროგრამაში, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოებს.

ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. კონკურსში დღეისთვის 1500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

ღონისძიების ფარგლებში გამოცხადდა STEM მენტორების კლუბის დაარსება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ახალგაზრდა გამომგონებლების მოზიდვასა და მათი პროქტების, იდეების განხორციელებას. ასევე, ჩატარდა პანელური დისკუსია.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გამოვაცხადეთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი. ამ კონკურსს მხარს უჭერს აშშ-ს საელჩო და ეს კონკურსი ეხმარება სკოლის მოსწავლეებს, გაიუმჯობესონ უნარები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის მიმართულებებით, რაც მათ ხელს შეუწყობს, გახდნენ ინოვაციებსა და ინოვაციურ აზროვნებაში წამყვანი და შეიტანონ დიდი წვლილი საქართველოს მეცნიერებაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ ამ კონკურსში მონაწილეობისკენ", - განაცხადა რუდმა.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, წლევანდელი კონკურსი კიდევ უფრო მეტი მოსწავლის აღმოჩენის შესაძლებლობას შექმნის.

„მნიშვნელოვანია კონკურსის ორგანიზება იმ კუთხით, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ, რაოდენ დიდია პოტენციალი საქართველოს კერძო და სახელმწიფო სკოლებში უფროსკლასების თუ მასწავლებლებისა, რომ მათაც შეუძლიათ, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდების გამოყენება და ასევე, კონკრეტული ინოვაციური პროექტების შექმნა და გამომგონებითი საქმიანობის ხელშეწყობა. კონკურსთან ერთად ასევე გამოცხადდა ე.წ. მენტორების კლუბის დაარსება. ეს კლუბი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მოხდეს იმ რესურსის გაერთიანება, რომელიც უკვე თავმოყრილია ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოსთან თანამშრომლობითა და მისი მხარდაჭერით მოხდეს ამ მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაკავშირება კერძო სექტორთან, რათა მათ ხელი შეეწყოთ, თავიანთი ინოვაციები, გამოგონებები უფრო განავითარონ და მოხდეს ამის კომერციალიზაცია და მათ ადგილობრივად, საქართველოში მიეცეთ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება", - აღნიშნა აბულაძემ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ კი აღნიშნა, რომ კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური პროექტების შექმნის ხელშეწყობა.

„ეს პროექტი უკვე მეექვსე წელია ხორციელდება და მასში მონაწილეობა 1500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მიღებული. ამ კონკურსის მიზანია, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა, შექმნან პროექტები, ინოვაციები, მათ ვაფინანსებთ და ბოლო ეტაპზე სამი გამარჯვებული გუნდი იღებს განსაკუთრებულ პრიზებს, მათ შორის მთავარი პრიზია NASA-ში, აშშ-ში საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეობა და იმავე პროგრამის გავლა, რასაც გადიან ასტრონავტები, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, მოკლევადიანი საუნივერსიტეტო კურსია", - განაცხადა მაღრაძემ.

ღონისძიებას ასევე დაესწრო აშშ-სა და საქართველოს მთავრობების, საქართველოს განათლების სფეროს, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო და დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოეწყო წინა წლების კონკურსების ფინალისტების პროექტების გამოფენა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსისთვის შევსებული განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 ნოემბერი. კონკურსის პირობების და განაცხადის ფორმის ხილვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.mcageorgia.ge.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა