გიგი უგულავა - მეუფე იაკობს მინდა ვთხოვო, მობრძანდით პარლამენტში, მოგცემთ ტრიბუნას და გთხოვთ მოყევით ყველაფერი ის, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს

სახეზე გვაქვს ის, რომ ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის საქმეებში ჩარევას, რაც პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა, - ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ.

„ყოველმხრივად ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ქირქილი იმასთან დაკავშირებით, მეუფე მთვრალია თუ არა, უკიდურეს არაადეკვატურობად მიმაჩნია. ფაქტია, რომ ძალიან მძიმე ბრალდებები გაისმა, პროკურატურა კანონით არის მოვალე, საჯარო სივრცეში გაჟღერებულ კანონდარღვევაზე, რომელშიც საუბარია მკვლელობაზე თუ მოწამვლაზე, დაიწყოს მოკვლევა და საზოგადოებას გასცეს პასუხი. უფრო მეტიც, არშემდგარი მკვლელობის დაგეგმვაზე ამ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების რამდენიმე ძალოვანი პასუხისგებაში ჰყავს მიცემული. ამიტომ, თუ პროკურტურა არ გაინძრევა, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება ორმაგი სტანდარტი და ის, რომ ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. სულ მცირე, სახეზე გვაქვს ის, რომ ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის საქმეებში ჩარევას, რაც პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა იმიტომ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან არის დაშორებული. პატრიარქის გადაყენების მცდელობა პირდაპირ შეიძლება გახდეს საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყების საფუძველი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, მეუფე იაკობის თანხმობის შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ მას სთავაზობს, პარლამენტში გააჟღეროს „ყველაფერი ის, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს“.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი და საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი გაიგოს რაზეა საუბარი. თუ მეუფე იაკობს ექნება სურვილი, ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ ის პარლამენტში და მან საპარლამენტო ფორმატში მოყვეს ყველაფერი, რასაც თვლის საჭიროდ იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს ამ ბურუსით მოცულ ისტორიას. ჩვენ გუშინვე ვხედავდით, რომ სახელისუფლებო ბოტები და ხელისფლება ცდილობდა აქცენტი გაეკეთებინათ იმაზე, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რაც ჩემი აზრით, სრულიად უადგილოა. შემიძლია ამაზე ბიბლიიდან ამბავი მოგიყვეთ, როდესაც თავის დროზე ნოეც დათვრა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ მას კიდობანი გაეკეთებინა და კაცობრიობა გადაერჩინა, ამიტომ მეუფეს მინდა ვთხოვო, მობრძანდით პარლამენტში, ჩვენ ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებით „ევროპული საქართველო“ გიმასპინძლებთ, მოგცემთ ტრიბუნას და გთხოვთ მოყევით ყველაფერი ის, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს