განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი - რიგი პროცედურული ხასიათის დარღვევები ძირითადად ლაგოდეხში დაფიქსირდა, რომელთაც კენჭისყრის პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2019 წლის 27 ოქტომბრის საკრებულოების შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 20:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

„რიგი პროცედურული ხასიათის დარღვევები ძირითადად ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, რომელთაც კენჭისყრის პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია. კერძოდ, დაფიქსირდა: საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირებისა და ასევე საარჩევნო სუბიექტების ერთზე მეტი წარმომადგენლის ყოფნის შემთხვევები, რომლებზე მითითების შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა დატოვეს საარჩევნო უბნები. საარჩევნო ბიულეტენების ფაქტობრივი რაოდენობის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ რაოდენობასთან შეუსაბამობა და დასტაში ბიულეტენების ნაკლებობა. სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, კერძოდ საქართველოს მოქალაქის ვადაგასული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის არაერთი მცდელობა, რაც აღიკვეთა ჩვენი დამკვირვებლების მითითების და კომისიის კანონიერი ქმედების შედეგად; ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის მხრიდან მარკირების შემოწმების პროცედურის, ხოლო რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ რეგისტრაციის პროცედურის არაჯეროვნად შესრულების ერთეული შემთხვევები; არაუფლებამოსილი პირის მიერ ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში დახმარების მცდელობა, რომელიც ჩვენი დამკვირვებლის მითითების შედეგად აღმოიფხვრა; ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და ხმის მიცემა კენჭისყრის კაბინის გარეთ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში შემავალ საარჩევნო უბნების მიმდებარედ ამომრჩევლების კონტროლი ხდებოდა.

„აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა უკვე არაერთგზის დაფიქსირდა ჩვენ მიერ, რაც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების ყოფნასა და ამომრჩევლების აღრიცხვაში გამოიხატებოდა”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, სადამკვირვებლო მისია ყურადღებას ამახვილებს ლაგოდეხის საარჩევნო უბანზე, რომელიც მათი ინფორმაცით, შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ იყო.

„გვსურს, აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხში საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული იყო შშმ პირი, უბანი არ იყო ადაპტირებული, რაც გასათვალისწინებელი ფაქტია და მოითხოვს სამომავლოდ შესაბამის რეაგირებას“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების შეჯამების პროცესი მიმდინარეობს. სადამკვირვებლო მისია პროცესის მონიტორინგს აგრძელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს