თურქეთის ელჩი ახმედ ჩატაევზე - თურქეთი ებრძვის რამდენიმე ტერორისტულ ორგანიზაციას, რა გავაკეთოთ, ყველა უცხოელს თითო კაცი მივუჩინოთ?

თურქეთი ერთდროულად ებრძვის რამდენიმე ტერორისტულ ორგანიზაციას: გულენისტებს (FETO), PKK-ს და PYD-ს. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბთან გვაქვს საქმე? რა გავაკეთოთ, ყველა უცხოელს თითო კაცი მივუჩინოთ? - ასე პასუხობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში თურქეთის ელჩი საქართველოში ახმედ ჩატაევის თურქეთში ყოფნაზე დასმულ კითხვას. ფატმა ჯერენ იაზგანი აღნიშნავს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ახმედ ჩატაევი საქართველოში ჩამოსვლამდე, 6 თვის განმავლობაში თურქეთში, კერძოდ იზმითში ცხოვრობდა.

„ჯერ ერთი, არა მაქვს ინფორმაცია, რომ ჩატაევი იზმითში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, მას რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ჰქონდა დოკუმენტები მიღებული. მეორე - თურქეთი ერთდროულად ებრძვის რამდენიმე ტერორისტულ ორგანიზაციას: გულენისტებს (FETO), PKK-ს და PYD-ს. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბთან გვაქვს საქმე? რა გავაკეთოთ, ყველა უცხოელს თითო კაცი მივუჩინოთ?“, - აღნიშნავს თურქეთის ელჩი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „ჩატაევს თურქეთის სპეცსამსახურებიც ეძებდნენ, ვინაიდან ის სტამბოლში კლუბში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი და გარდა ამისა ჩატაევი მსოფლიოს საშიშ ტერორისტთა სიაშიც შეიყვანეს“, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა, რომ თურქეთს არ ჰქონდა ინფორმაცია ჩატაევის კვაშირზე, რომელიმე ტერაქტთან. ამასთან, თურქეთის ელჩი ხაზს უსვამს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში თურქეთს მეზობელი მეგობარი ქვეყნებისთვის არასოდეს დაუმალავს ინფორმაცია ამა თუ იმ პირების შესახებ და არასდროს უმოქმედია მათი ინტერესების საზიანოდ, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ.

„ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩატაევი კავშირში იყო რომელიმე ტერაქტთან, მაგრამ შეიძლება მისი სახელი საქართველოსა და მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანია. კლუბში ტერაქტის ჩამდენი პირი დავადგინეთ - ის ჯერ ავღანეთიდან ჩამოვიდა ირანში და იქიდან არალეგალურად მოხვდა თურქეთში. ამ ადამიანზე ინფორმაცია იყო დსთ-ის რამდენიმე ქვეყნის მონაცემთა ბაზაში. ჩვენ ის აქ მხოლოდ ტერაქტის შემდეგ აღმოვაჩინეთ, მანამდე მასზე არაფერი ვიცოდი. მინდა გითხრათ, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში თურქეთს მეზობელი მეგობარი ქვეყნებისთვის არასოდეს დაუმალავს ინფორმაცია ამა თუ იმ პირების შესახებ და არასდროს უმოქმედია მათი ინტერესების საზიანოდ, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ, რადგან თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია! სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც ქართული მხარე მიიღებს და გადასცემს თურქეთს, რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამაში მინდა დარწმუნებული იყოთ!“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა