ედიშერ ქარჩავა - ვფიქრობ, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ივანიშვილთან

ვფიქრობ, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს, თუ ძალებს როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესვლამდე განუცხადა.

მისი განმარტებით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის სურს მეუფე შიოსთან და ბიძინა ივანიშვილთან მეუფე იაკობის დაპირისპირება.

„ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია ჩემი მოსაზრება გითხრათ, მეუფე იაკობს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, როგორც საქართველოს საპატრიარქოსთვის, ასევე ამ ხელისუფლებისთვის. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მისი დემონიზება ან მტრად გამოცხადება არასწორი იქნება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება და მე პირადად, ვფიქრობ, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს, თუ ძალებს, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ვის უნდა და ვის არ უნდა, ეს არ ვიცი. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაირკვევა. მე ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, არ გამაჩნია ინფორმაცია, თუ ვის უნდა დაპირისპირება. როგორც თქვენ მოუსმინეთ, ისე მოვუსმინე. რომ ვიცოდე ვიტყვი, ამიტომ მისი დემონიზება არასწორი იქნება", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება სურთ გარკვეულ პირებთან, ედიშერ ქარჩავა ასე პასუხობს: „არ ვიცი, ვერ გეტყვით. ხომ არ იყო რაიმე პროვოცირება?! ვინაიდან მეუფე იაკობს განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა დღევანდელ ხელისუფლებასთან და მისი ეს განცხადება ჩემთვისაც გარკვეულწილად შოკისმომგვრელი იყო".

კითხვაზე, უნდა დაიწყოს, თუ არა მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე გამოძიება, ედიშერ ქარჩავა მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, კანონიკური სამართლის მიხედვით უნდა მოხდეს საპატრიარქოს შიგნით ამ საკითხის მოკვლევა.

„რამდენად სერიოზული განცხადება გააკეთა მან, ეს თვითონ უნდა განმარტოს საჯაროდ, კიდევ ერთხელ. შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იმსჯელონ ამის შესახებ", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ჟუნალისტების კითხვაზე, ამ ეტაპზე რატომ არის საპატრიარქოში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მიღებული, ქარჩავამ ასე უპასუხა : "არ ვიცი. უსაფრთხოების ზომებს თვითონ სახელმწიფო სტრუქტურები უზრუნველყოფენ როგორც უწმინდესის, ასევე საპატრიარქოს დაცვას".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს