იაკობ იაკობაშვილი არათუ ქორეპისკოპოსობიდან და ზოგადად, რაღაც სამსახურებიდან დათხოვნას უნდა დაექვემდებაროს ამ განცხადებების გამო, არამედ საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საეპისკოპოსო მსახურებას, - ამის შესახებ თეოლოგმა ლადო ნარსიამ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის საკითხი სინოდის გადასაწყვეტი იყო. ლადო ნარსიას შეფასებით, „საგანგაშო ვითარებაა, რაც საქართველოს ეკლესიაშია“.
„საერთოდ, ვინმეს აქვს წარმოდგენა, რა უფლებები ჰქონდა იაკობს და საერთოდ, ქორეპისკოპოსობა რას ნიშნავს? თუ აქ სიტყვა ქორი გვაბნევს და ქორს აქვს ქართულში აღტაცების გამომხატველი ემოცია. უნდა გაირკვეს, რა გააკეთა საპატრიარქომ. ჯერ ერთი, რატომ გადადგა საერთოდ იაკობი და ვის ხელეწიფება იაკობის გადადგომაზე განცხადების გაკეთება. ეს არის სინოდის გადასაწყვეტი და თუ გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში არაფერს, ამ ეკლესიაში არც სინოდს აქვს რაიმე მნიშვნელობა, არც ეპისკოპოსების კრებით გადაწყვეტილებას და ყველაფერს წყვეტს საპატრიარქო და საპატრიარქოში რამდენიმე ადამიანი, მაშინ კი ბატონო. დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ არ არსებობს არავითარი ოფიციალური წესი, რომელიც მინიმალურ დონეზე მაინც უნდა დაკმაყოფილდეს ეკლესიასა და საზოგადოებაში. იაკობ იაკობიშვილი არათუ ქორეპისკოპოსობიდან და ზოგადად, რაღაც სამსახურებიდან დათხოვნას უნდა დაექვემდებაროს ამ განცხადებების გამო, არამედ საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საეპისკოპოსო მსახურებას. არ შეიძლება ამგვარი მასხრად აგდება როგორც საზოგადოების, ასევე უმთავრესად ეკლესიის და მისი ტრადიციების, რომელთა დაცვით მოვიდა დღემდე საქართველოს ეკლესია“ , - განაცხადა თეოლოგმა.
მისი თქმით, საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოება უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს და ადეკვატური შეფასება უნდა ჰქონდეს, რადგან „ეს არ არის ეკლესია და ქრისტესთან ამ ერთობას და ამ ადამიანებს არავითარი კავშირი არ აქვს“.
„საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ ამ ადამიანების სახით მათ არ ჰყავთ არც წინამძღოლი და არც უნდა აინტერესებდეთ. ეს კრიტიკა აბსოლუტურად ჯანსაღი იქნება. თუ ასე დაიწყება პროცესები საქართველოში, ძალიან მალე მივიღებთ იმას, რომ საქართველოს ეკლესიიდან იძულებით მაინც, ყოველ შემთხვევაში მიხვდებიან, რომ დაკარგეს ძალაუფლება, დაითხოვენ იმ ადამიანებს, რომლებიც განათლებით, მორალით თუ სხვა მოთხოვნების შეუსაბამობით აღმოჩნდა ერთ დროს თანამდებობებზე, იქნება ეს ეპისკოპოსი თუ სასულიერო დასი მთლიანად. იქნებ ქვეყნის გარე შეფასებებმა, საზოგადოების შეფასებებმა შეუწყოს ხელი შიდა პროცესების განწმენდას, თორემ შიგნით მათ არავითარი რესურსი აღარ გაჩნიათ, განსაკუთრებით ამ მოცემულ ვითარებაში, რაშიც დღეს ეკლესია იმყოფება. ამიტომ, სრულიად დადებითად მიმაჩნია, თუ საზოგადოებაში 0-მდე დაეცემა საერთოდ პროცენტული მაჩვენებელი იმისა, რომ დღეს კიდევ ვინმე ენდობა თუნდაც საქართველოს ეკლესიას, რომელიც მორალურად განადგურებულია აბსოლუტურად“, - განაცხადა ლადო ნარსიამ.