ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ოქრუაშვილის მიერ ადვოკატების აცილებაზე - ეს მისი დაცვის სტრატეგიაა - ჩვენს შორის ცუდი არაფერი მომხდარა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, რომ ოქრუაშვილის მიერ ადვოკატების აცილება, მისი სტრატეგიაა.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის ცუდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ, აღნიშნულ საქმეში მას ვეღარ დაიცავს.

„ამ მიზეზებზე მე არ ვილაპარაკებ. შეგვიძლია მოკლე კომენტარით შემოვიფარგლოთ, რომ ეს მისი დაცვის სტრატეგიაა. ჩვენს შორის ნამდვილად ცუდი არაფერი მომხდარა. მისი უფლებაა, რომ ადვოკატი აირჩიოს, ან საერთოდ არ ჰყავდეს. ასე რომ, ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ. ბუნებრივია, მასთან ურთიერთობა მექნება. გუშინ ვისაუბრეთ, მოვიფიქრებ და ხვალ წერილით შევატყობინებ სასამართლოსო, მითხრა. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მეც დღეს მოვისმინე სასამართლოზე. ბუნებრივია, ამ საქმეზე მე მისი ადვოკატი ვერ ვიქნები", - განაცხადა ჭაბაშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ხომ არ აქვს ადგილი საქმის გაჭიანურებას, ვინაიდან ბრალდების მხარეს 400-ზე მეტი მოწმე ჰყავს დასაკითხი და ხომ არ ფიქრობს ოქრუაშვილი, რომ 9-თვიან ვადაში, მისთვის ბრალის დამტკიცებას ვერ შეძლებენ, ადვოკატი პასუხობს, რომ ოქრუაშვილის სტრატეგია ამას არ უკავშირდება.

„ვერ გეტვით, ისინი ბრალდების მოწმეები არიან, მათი გადასაწყვეტია ვის მოიყვანენ და ვის - არა. ვადა საკმაოდ არის, წინ მთელი ექვსი თვეა. ასე რომ, არ მგონია, მისი სტრატეგია ამას უკავშირდებოდეს. თუმცა, იმ პირობებში, რა პირობებშიც ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფება, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ შეზღუდული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია და პაემანი, სასამართლოს მხრიდან დროის არ მიცემა და 5 ნოემბრისთვის უკვე სახაზინო ადვოკატის ჩართვა შემდეგი პროცესისთვის, არასწორია. ამით მისი უფლებები იზღუდება. ეს არ არის ის დრო, რომ ამ პირობებში ადვოკატი იპოვოს, შედგეს მასთან კომუნიკაცია და შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო არასწორად მოიქცა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სასამართლო ჩქარობს, პროცესების ჩანიშვნას. ერთ კვირაში, როდესაც ადამიანი იზოლაციაშია და კომუნიკაცია არ აქვს გარე სამყაროსთან ეს დრო ძალიან ცოტაა, რომ ნახოს ადვოკატი", - განაცხადა ჭაბაშვილმა.

რაც შეეხება ოქრუაშვილთან სასულიერო პირის შესვლას, როგორც ჭაბაშვილი აცხადებს, ერთადერთი, შესაძლო პირი, ვინც მასთან შევა, სწორედ სასულიერო პირია.

„ოქრუაშვილმა ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტად აღნიშნა სასულიერო პირი. მე და ბონდო ვათიაშვილს ბუნებრივია, კომუნიკაცია აღარ გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, არც ოჯახის წევრებს და ერთადერთი შესაძლო პირი, თუ მასთან შევა, სასულიერო პირია, რომ მას დააბაროს პოზიცია ახალ ადვოკატთან დაკავშირებით. ეს იგულისხმა მხოლოდ", -განაცხადა ჭაბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო