„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც მსჯავრდებულის თხოვნის საფუძველზე შემუშავდა, პარლამენტში განიხილეს

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც მსჯავრდებულებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მისცემს, დღეს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტში შესატანი ცვლილებები განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა წარადგინა. მისი განმარტებით, კანონში შესატანი ცვლილებები ერთი კონკრეტული მსჯავრდებულის თხოვნის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც მიმდინარე სასწავლო წელს სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა, თუმცა კანონში არსებული ბარიერებიდან გამომდინარე სწავლის პროცესში ჩართვას ვერ ახერხებს.

„2 წლის წინ „პატიმრობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ჩვენ უფლება მივანიჭეთ დაბალი რისკის საპატიმრო დაწესებულებებში სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულებს, რომ ისარგებლონ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უფლებით დისტანციური სწავლების მეთოდით. ეს არის სპეციალური წესი, რომელიც მტკიცდება იუსტიციის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი დებულებით. დღეისათვის 36 პატიმარი სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, ბაკალავრის საგანამანათლებლო პროგრამებზე და ათეულობით მსჯავრდებულმა უკვე ისარგებლა ამ უფლებით. 15 ოქტომბერს პირველი პრეცედენტი დაფიქსირდა - განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტს თხოვნით მოგვმართა მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, რომ მან წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები, მაგრამ კანონში არსებული ბარიერით მას არ აქვს უფლება, რომ დაიწყოს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა. ჩვენ, ბუნებრივია, სიამოვნებით ვუჭერთ მხარს პატიმრის ამ თხოვნას და დაჩქარებული წესით გთხოვთ მხარი დაუჭიროთ „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს, - განაცხადა მარიამ ჯაშმა წარმოდგენისას.

შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ11“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს. ასევე გარდამავალ დებულებებში იქნება მითითებული, რომ იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით დაასრულეს მისაღები გამოცდები, მიეცეთ საშუალება, რომ მიმდინარე 2019-2020 სასწავლო წელს მათ შეძლონ სამაგისტრო პროგრამებში ჩართვა და სწავლის პროცესის დაწყება.

მარიამ ჯაშის განმართებით, ანალოგიური ცვლილება შედის კოდექსის 115-ე პრიმა მუხლის პირველ ნაწილში, სადაც ზუსტდება, რომ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურთან ანუ ბაკალავრის პროგრამებთან ერთად, მსჯავრდებულებს მიეცემათ უფლება, ჩაერთონ სამაგისტრო პროგრამებში, ასევე დისტანციურად.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, თამარ ხულორდავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა