გია ხუხაშვილი - არ ველოდები, რომ სინოდის სხდომაზე ვინმეს მიმართ პერსონალურ ვერდიქტს საჯაროდ გამოიტანენ

არ გამოვრიცხავ, რომ სინოდის კრებაზე მწვავე საუბრები იყოს, მაგრამ მგონია, რომ სინოდი შეეცდება ყველაფერი, რაც იქ ითქმევა, დატოვოს ეკლესიის შიგნით, არ გაასაჯაროოს და აღადგინოს ის საზღვარი, რაც ეკლესიასა და სამოქალაქო ცხოვრებაში იყო, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, საპატრიარქო მიმდინარე სკანდალთან დაკავშირებით „დისკუსიაში ღრმად არ შევა“.

„მეუფე იაკობთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ რადიკალური ნაბიჯები არ იქნება გადადგმული. შეიძლება ზოგადი ხასიათის კრიტიკული მინიშნებები უფრო იყოს მის მიმართ. განხილვა შეიძლება იყოს, მაგრამ მე არ ველოდები, რომ საჯაროდ იქნება პერსონალური ვერდიქტი გამოტანილი ვინმეს მიმართ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც ნდობას იმსახურებს.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. ისინი ცდილობენ, რომ პრობლემა აისხლიტონ. ერთი მხრივ, თავს დებენ რელიგიურობაზე და ამასთანავე, მეუფე იაკობის ამ მძიმე განცხადებებს ზოგი ბოდვას უწოდებს და ზოგი მთვრალიაო და ა.შ. ასე არ გამოვა, მეუფე იაკობის განცხადებები შეიძლება იყოს ინტერპრეტაციის საგანი, მაგრამ, როდესაც უმაღლესი იერარქიის მხრიდან კონკრეტულ ფაქტზე ხდება აპელირება, არა მის მოსაზრებებზე, არამედ გარკვეულ შეხვედრაზე, სადაც რაღაც საკითხები იხილებოდა, ბუნებრივია, ხელისუფლება ამაზე უფრო სერიოზულად უნდა რეაგირებდეს. მისივე ინტერესებშია, რომ ასეთი თემები გამოძიებული იყოს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემულობა ისეთია, რომ სჯობს ასეთი გამოძიება მაინც საპარლამენტო კომისიის ფარგლებში მოხდეს გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები ამ თემასთან დაკავშiრებით პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტში არიან.

როდესაც გამოდიან და ამბობენ „დედას გეფიცები, ასე არ ყოფილაო“, „დედას გეფიცები“ არ არის სამართლებრივი ტერმინი. ხელისუფლება ამ რიტორიკით არ უნდა საუბრობდეს.

ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც ნდობას იმსახურებს. ერთადერთი საპატრიარქო იყო და ეკლესია და მასაც ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა და ნდობა მის მიმართაც სამწუხაროდ, იკლებს. ფაქტობრივად, სრული დეგრადაცია გვაქვს. ქვეყანაში გვაქვს ტოტალური კრიზისი, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა. როდესაც პრემიერი ამბობს, ყველამ თავის საქმეს მიხედოსო, სცოდავს ძალიან სერიოზულად. ჯერ პოლიტიკა მივიდა ეკლესიაში, ჯერ ხელისუფლებამ გამოიყენა ეკლესია საარჩევნოდ თუ სხვა პოლიტიკური საკითხისთვის, რის შემდეგაც ბუნებრივია, კონტრაქტის მეორე მხარესაც გაუჩნდა ამბიცია, რომ მათ აქვთ იმის დამსახურება, რომ თვითონაც პოლიტიკაში გადავიდნენ. მთავარი პროვოკატორი ამ ინსტიტუციური აჯაფსანდალის არის ისევ და ისევ ხელისუფლება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს